პოზიციების დაპირისპირება ანტიდასავლურობას არ ნიშნავს, თუ არსებობს საკითხები, რაზეც ყოფილ თანაფრაქციელებს მიაჩნიათ, რომ მეტი დოზაა საჭირო, ეს მათი არჩევანია – ვოლსკი

საკითხები თუ არსებობს, რაზეც ჩვენს კოლეგებსა და ყოფილ თანაფრაქციელებს მიაჩნიათ, რომ მეტი დოზაა საჭირო, ეს მათი არჩევანია და არა ჩვენი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პოზიციების დაპირისპირება ანტიდასავლურობას არ ნიშნავს.

ამასთან, როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, უნდა გადაერთონ მუშაობაზე, რათა ქვეყანამ მიიღოს შედეგი – გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

„სიტუაციას ნუ გავაპრიმიტიულებთ. პოლიტიკაში არსებობს შიდა სამზარეულო, სადაც გარკვეულ საკითხებზე მიმდინარეობს ლაპარაკი და არის სხვადასხვა მოსაზრება, განხილვების სხვადასხვა ფორმატი და არსებობს საზოგადოებრივი აზრიც, რომელსაც ითვალისწინებ, მაგრამ თუ ჩვეულებრივი ამბავია, რომ მეც იგივე შემიძლია, დავადასტურო, რაც სოზარმა, დიმიტრიმ და მიხეილმა თქვეს, მაშინ მათ გასვლასაც არანაირი აზრი არ აქვს.

ჩვენ ვმუშაობთ და ექვსი თვის თავზე, შეიძლება ცოტა ადრე, 12 მუხლის მიხედვით ისეთი შეთავაზება გვექნება, რომელიც ყოველგვარ შეკითხვას გასცემს პასუხს იმ თვალსაზრისით, რომ ეს იქნება მაღალი ევროპული სტანდარტი. ნებისმიერი სხვა კომენტარი და ინტერპრეტაცია არ იქნება შესაძლებელი. ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მიღების გზა გახსნილი იქნება. ანტიდასავლური კამპანია, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ამ პროცესში რომელი მხარე ვინ იქნება, ამას წინასწარ ნუ განვსაზღვრავთ. მაგალითად, საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებებია ევროკავშირის პოლონეთთან და ეს დაპირისპირება სულ ახლახან მოგვარდა. დაპირისპირების ბევრი მაგალითი შემიძლია, ჩამოვთვალო, მაგრამ პოზიციების დაპირისპირება ანტიდასავლურობას არ ნიშნავს.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რაზეც ჩვენმა კოლეგებმა, მეგობრებმა და სამწუხაროდ, უკვე უმრავლესობის არაწევრებმა ისაუბრეს, ეს ის თემებია, რომელთა დაკავშირებითაც დამატებითი კომენტარი, ანალიზი, შინაარსში შესვლა რომ დავიწყო, ნიშნავს, იმ პრინციპს ვუღალატო, რაც ახლა გითხარით. ამაზე მეტი კომენტარი ამ თემაზე აღარ მექნება და ვერ მექნება. ჩემი ერთადერთი კომენტარია – ჩვენ ვიწყებთ მუშაობას და წლის ბოლოსთვის არც ერთ თქვენგანს, არც ოპოზიციას, არც ექპერტსა და არც საზოგადოებას ეჭვი არ დარჩება, რომ ეს სწორედ ის არის, რა მოთხოვნასაც ჩვენ წინაშე აყენებენ. დამერწმუნეთ, არც ერთი ჩვენგანი არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ შეცდება, თუ იტყვის და მოიშველიებს ჩვეულებრივ საერთაშირისო პრაქტიკას, რასაც შიდა სამზარეულოში მუშაობა ჰქვია. თუ არსებობს საკითხები, რაზეც ჩვენს კოლეგებს და ყოფილ თანაფრაქციელებს მიაჩნიათ, რომ მეტი დოზაა საჭირო, ეს მათი არჩევანია და არა ჩვენი.

არ მოგატყუებთ, ამ თემაზე დიდი ხანი მიდიოდა ლაპარაკი. ჩვენ ყოველთვის მყარად ვიყავით იმ პოზიციაზე, რომ უნდა ვიმუშაოთ. რაც არ უნდა მკითხოთ, დამატებითი კომენტარი არ მაქვს. ჩვენ ისეთ განაცხადს გავაკეთებთ, სადაც ლოგიკური შეკითხვა არ დარჩება არც ოპოზიციას, არც მედიას, არც ექსპერტებს და არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენ უნდა გადავერთოთ მუშაობაზე და მივიღოთ შედეგი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს – ჩვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უნდა გავხდეთ. ვადა მოკლეა, მაგრამ ამ მოკლე ვადაში შევძლებთ გეგმის ისე განხორციელებას, რომელიც დამატებით შეკითხვებს აღარ წარმოშობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, მაგრამ ამ გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი საქართველოს ხელისუფლებაა – ხერხეულიძე
შემდეგი სტატიამადრიდში ნატო-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება – კულება