ფოთში ფულის სანაცვლოდ მანქანებზე დადებითი ტექინსპექტირების საბუთს გასცემდნენ

ფინანსთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულები ფოთში ფულის სანაცვლოდ გასცემდნენ ტექინსპექტირების დადებით ცნობებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მუშაობდნენ ქალაქ ფოთში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორის თანამდებობაზე და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, ევალებოდათ  სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე გასცეს ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიშები, რის სანაცვლოდაც, ოფიციალურად დაწესებული გადასახადის გარდა, მოქალაქისაგან უკანონოდ მოითხოვეს და აიღეს ფულადი თანხა.

დადგენილია, რომ ტექინსპექტირების ცენტრში, გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე, სისტემატურად ხდებოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემა, რასთან დაკავშირებითაც ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისინებს.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია 8 პირი
შემდეგი სტატიასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გიული ალასანიას წინააღმდეგ