ფოთში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

ფოთში მიმდინარე საპროტესტო აქციის „ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს“ მონაწილეებმა მეშვიდე კილომეტრზე გადაინაცვლეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები ბოლო დროს ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ და მერის, ასევე, პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის აქციაზე მისვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაშლას არ აპირებენ.

,,დიდი მადლობა პოლიციას, მათ ამ დრომდე ჩვენთვის ხელი არ შეუშლიათ, პირიქით. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი შეიმალნენ მერიაში და არ გამოდიან. კარგად გვახსოვს, როგორ იხვეწებოდნენ ხმებს. არ დავიშლებით. მთელი ფოთი ერთსულოვანია. ჩვენ ვითხოვთ ჰაერს. ჩვენ ვითხოვთ არსებობას”,- განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ამბალიამ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, თევზის უსიამოვნო სუნი ფოთში, ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. მათი თქმით, აღნიშნული პრობლემა წლებია, აწუხებთ და ამ დრომდე მოუგვარებელია. ისინი ხელისუფლებას სათანადო ზომების გატარებას სთხოვენ. აქცია საინიციატივო ჯგუფის მიერ სოციალური ქსელით დაიგეგმა.

banner
წინა სტატიაში“ათეულობით მილიონი იხარჯება საქართველოში დეზინფორმაციაზე, ეს არის უმძიმესი ქვეყნის პოლიტიკური იმიჯისთვის”
შემდეგი სტატიამეტი დასაქმებაა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა -თურნავა