ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა, რომელიც 2025 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს დასრულდება.
როგორც მყარი ნარჩენების კომპანია გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და მისი ექსპლუატაციაში შესვლისთანავე, ქალაქში არსებული ძველი ნაგავსაყრელი კანონის შესაბამისად დაიხურება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის მიხედვით, ფოთის მუნიციპალური ნარჩენები გადამტვირთავ სადგურზე მოგროვდება, საიდანაც მათი ტრანსპორტირება ზუგდიდში, ახალ რეგიონულ არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტზე მოხდება. ამ უკანასკნელის მშენებლობაც ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს.
სოლომონ პავლიაშვილის განმარტებით, ეს ორი ობიექტი ერთიან ჯაჭვში იმუშავებს, რაც რეგიონისთვის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ეფექტს მოიტანს.
„ზუგდიდის ახალი რეგიონული ობიექტი ჯამში 9 მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ჩვენთვის პრიორიტეტულია დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა, რათა სამუშაოები უმოკლეს ვადებში დავასრულოთ და სისტემა სრულყოფილად ავამუშაოთ“, – აღნიშნა პავლიაშვილმა.
როგორც „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელმა, მიხეილ გოგოლიძემ განაცხადა, ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლა პირდაპირ კავშირშია ძველი, ამორტიზებული ნაგავსაყრელების კონსერვაციასთან. ფოთის შემთხვევაში, ახალი სადგურის გახსნისთანავე, ძველი სტანდარტების დაცვით დაიხურება, რაც ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “ანაგი” და რუმინული კომპანია „Hofstetter Environmental S.R.L“ ასრულებენ. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
















