ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე პაატა ჩაგანავა თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დარეჯან ცხვიტარიამ დაუდასტურა.
„დიახ, გადაგვაყენეს. ისინი იყვნენ ექვსნი, ჩვენ კი – ხუთნი. კომუნისტურ რეჟიმს მოვსწრებივარ, ხუნტასაც და ჩემი პრინციპებისთვის არ გადამიხვევია. ეს გადაწყვეტილება იყო მათგან გამოცხადებული ბოლშევიკური სასჯელი. მათ არასწორ მმართველობას ვერ შევეგუები“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.
თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს ფრაქციის სხდომაზე მიიღეს, თუმცა დარეჯან ცხვიტარია აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილთან შეუთანხმებლად ფრაქციის წევრები მათ გადაყენებას ვერ გაბედავდნენ. ასევე, დარეჯან ცხვიტარია გადაწყვეტილების ერთ-ერთ ინიციატორად ზაზა გოროზიასაც ასახელებს.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომა მოითხოვეს. განცხადებას ხელს აწერდნენ: დარეჯან ცხვიტარია, ჟანა ჩაჩავა, პაატა ჩაგანავა, მარიამ უჩანეიშვილი და მიშა ფირცხალავა. ისინი განცხადებაში აღნიშნავდნენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე, დაპირისპირებების გაღრმავებასა და უამრავ პრობლემაზე მთელი პასუხისმგებლობა პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს ეკისრება.