ფოთის მერი – კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ მომატებული რისკები ეფექტიანად ვმართოთ და მინიმუმამდე შევამციროთ ვირუსის გავრცელება

ფოთის მერიაში, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც არსებული ეპიდვითარება მიმოიხილეს.
როგორც გოჩა კურდღელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას.
„ამ ეტაპზე ფოთში ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები. მონიტორინგი გამკაცრდა მუნიციპალურ ტრანსპორტში, ბაზარსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ობიექტებში. მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ 300-ზე მეტი ობიექტი შემოწმდა. კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში განხორეციელდება. მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ ეს მომატებული რისკები ვმართოთ ეფექტიანად და მინიმუმამდე შევამციროთ გავრცელება“ – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
ფოთის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ შესაბამისი რეკომენდაციები და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრმა ავღანეთის მისიის შესრულებისას მძიმედ დაჭრილი სამხედრო ივერი ბუაძე „მხედრული მამაცობისთვის“ უწყებრივი მედლით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიათიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო