ფოთის ბაზარში სავაჭრო დახლები აიღეს

ფოთის ბაზარში გვიან ღამით მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ცენტრალური გზის გათავისუფლების მიზნით, ვაჭრობისთვის განთავსებული დახლების აღება დაიწყეს, რასაც მოვაჭრეების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ დახლების დემონტაჟი მათთან შეუთანხმებლად მოხდა.

მაღაზიების წინ დახლები გვაქვს განთავსებული, რომელსაც, როგორც მითხრეს, ანგვევდნენ. გამოვიქეცი სახლიდან, რომ ჩემი დახლები გადამერჩინა. ბაზრის ტერიტორიაზე შემოვედი თუ არა, ვნახე, როგორ იღებდნენ დახლებს. მე ვიცავ ჩემს დახლებს, არ მივცემ იმის საშუალებას, რომ აიღონ. როგორც ამიხსნეს და მითხრეს, ეს ყველაფერი უსაფრთოების წესების დაცვის გამო ხდება. ამბობენ, რომ თუ ეს ტერიტორია არ გათავისუფლდა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სახანძროს მანქანები ვერ შემოვა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დახლები ამას ხელს არ უშლის. ჩვენ სადაც ვიდექით იქ ვდგავართ, არაფერი დაგვირღვევია ,“ – განაცხადა მოვაჭრე რიტა ლაგვილავამ.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცესი გარე ვაჭრობის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით ხორციელდება.

„ფოთის მუნიციპალიტეტი პერმანენტულად ახორციელებს გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებებს. ამჯერადაც, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მიზნით ხდება ბაზრის ტერიტორიაზე შიდა გზების გათავისუფლება და ტერიტორიის მოწესრიგება. აღნიშნული ღონისძიების თაობაზე მოვაჭრეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული,“ – აცხადებენ ფოთის მერიაში.

banner
წინა სტატიაშიავარია კახეთის გზატკეცილზე – #82 მიკროავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა, მძღოლის და მეორე მგზავრის მდგომარეობა კი მძიმეა
შემდეგი სტატიაგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამოხმაურება