პოტენციალი, რომ კასპიის რეგიონის ნავთობი და გაზი საქართველოს გავლით მოხვდეს ევროპაში, კიდევ უფრო მაღალია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მნიშვნელოვან როლს ენერგეტიკის მიმართულებით.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პოტენციალი, რომ კასპიის რეგიონის ნავთობი და გაზი საქართველოს გავლით მოხვდეს ევროპაში, კიდევ უფრო მაღალია, ქვეყანას ამ მიმართულებით ახალი პროექტები ელოდება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მოსახლეობა იყოს დამუხტული და მოტივირებული ამ დღის წესრიგით, რადგან ეს არის გზა, რომელსაც საქართველო მიჰყავს კეთილდღეობამდე და ეს აუცილებლად მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ასევე საინტერესო შეხვედრა შედგა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან, რომელზეც შედგა შეთანხმება, რომ ევროკავშირი ქართული საწარმოების სერთიფიცირების შესაძლებლობას განიხილავს.

„ჩვენ შევთავაზეთ, განვიხილოთ თითოეული ცალკეული საწარმოს სერთიფიცირების საკითხი, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე ნაწარმის გატანა, ვიდრე მთლიანად ქვეყანაში განხორციელდება ინსტიტუციური და სისტემური რეფორმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვა საწარმოებისთვის მოტივაციის შექმნის კუთხით, რათა წარმატებული შემთხვევები გახდეს საჩვენებელი და მათ ასევე შეძლონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალის გამოყენება. პრინციპული თანხმობა მივიღეთ და ვიწყებთ პროცედურებს, რომლებიც შეგვაძლებინებს, ჩვენს მეწარმეებს მივცეთ ევროპის ბაზარზე უმოკლეს პერიოდში გასვლის საშუალება. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და იმედი მაქვს, ამ პროცედურებს მალე და წარმატებით დავასრულებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი
შემდეგი სტატია2018 წელი ღირსეულად უნდა აღინიშნოს, რათა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბევრმა გაიგოს ჩვენი მდიდარი ტრადიციების შესახებ