ვახტან გომელაურმა ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა:
“ვიყავი თუ არა საქმის კურსში საგუშაგოს აღმართვის შესახებ, შევთანხმდით თუ არა… გიდასტურებთ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიაა, აქედანაც და იქიდანაც, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ. ხდებოდა ხოლმე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება, ისინი მერე უკვე ამ საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, სადაც ყოფილა დათანხმება იქითა მხრიდან: გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ასე ხდებოდა. ასე რომ, მარტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რომ ჩააყენო საქმის კურსში ან რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასე არ ხდებოდა.
რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინა, უსაფრთხოების სამსახური, შემდეგ ჩვენ ვაყენებთ საქმის კურსში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასე ხდებოდა ყველაფერი. ამ შემთხვევაში გავიგეთ პოსტ-ფაქტუმ.
ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა და პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ, გზის დამუშავება დაიწყო, გაყვანა, მოსწორება. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში იყო თუ არა, როგორც ვიცი, არ იყო.
ჩვენ მოვახსენეთ ეს, როგორც მე მახსოვს. ჩვენ რომ გავიგეთ, ვალდებული ვიყავი და პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენე. მაინც გაკეთდა ეს. რატომ არ გამოიყვანეთ უკან, რატომ დავტოვეთ, ამაზე დღეს პასუხს ვერ გეტყვით. ამაზე მოკვლევა მიდის” – თქვა გომელაურმა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.
გომელაურის დაბარებასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ “შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება”