პოროშენკოსთან მოვილაპარაკებ მხოლოდ ერთ რამეზე – გადადგომაზე – მიხეილ სააკაშვილი

უკვე 4 საათია, კიევის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს.

იმპიჩმენტის მარში შევჩენკოს მოედანზე დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გაიარეს ხრეშიატნიკი და მეიდანზე მივიდნენ.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

„ჩემო უკრაინელებო, მადლობა თქვენ იმისთვის, რომ ახლა თქვენს წინ ვდგავარ. იზოლატორში მესმოდა თქვენი ხმა, რომლის გადაფარვაც სურდათ მუსიკით. მათ სურდათ ჩემი თქვენგან იზოლირება. ქუჩიდან მე თავისუფლების ხმა მესმოდა, ახლა კი ამ ხმას უკრაინის მთავარი ქუჩიდან მთელი ქვეყანა ისმენს. ეს ხმა აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვიქნებით უფრო ძლიერები და ჩამოვაშორებთ მათ ხელისუფლებას, თუნდაც ამისთვის ჩემი სიცოცხლე და თავისუფლება დამჭირდეს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინელმა ხალხმა ბოლო პერიოდში აჩვენა, რომ მეტის მოთმენას არ აპირებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ მოვლენებმა ნათლად დაანახა ყველას, რომ უკრაინას არ ჰყავს უსაფრთხოების სამსახური და ეს უფრო „ბარიგების“ სამსახურია.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მის დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგად სცნობს რუსულ კვალს.

„მათ ეფ-ეს-ბე-სთან ერთად ჩაატარეს დაკავების სპეცოპერაცია. საკმარისი გამოცდილება მაქვს რუს ოკუპანტებთან ურთიერთობის და კარგად ვხვდები მათ ქმედებებს. ეს იყო კიევის ცენტრში უსაფრთხოების სამსახურის ხელით ეფ-ეს-ბე-ს სპეცოპერაცია პუტინის ყველაზე დიდი მტრის – ჩემს წინააღმდეგ. ნუთუ არ გრცხვენიათ?!“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს კორუმპირებული ჩინოვნიკების აქტივების დაყადაღება და, თუ ისინი გაიქცევიან სხვა ქვეყნებში, მათ უკან დააბრუნებენ.

„ისინი გპირდებოდნენ, რომ ციხეში ჩასვამდნენ იანუკოვიჩს და ჩასვეს სააკაშვილი. გპირდებოდნენ, რომ იბრძოლებდნენ და დაიცავდნენ უკრაინას პუტინისგან, მაგრამ მასთან ერთად სპეცოპერაციას ატარებენ კიევის ცენტრში. ახლა ამბობენ, რომ პოროშენკოსთან მოვილაპარაკე. მე, მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი ვდგავარ თქვენს წინაშე და ვამბობ, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ შევთანხმდებით მხოლოდ ერთ რამეზე -გადადგომაზე! არასდროს, სანამ ცოცხალი ვარ, არ მოველაპარაკები „ბარიგებს”, არ მოველაპარაკები მათ თანხებზე, არასდროს ვივაჭრებ თქვენი ინტერესებით, რადგან მე თქვენს მეტი არავინ მყავს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, კამერების თანდასწრებით შეხვედრა შესთავაზა. მისი თქმით, საუბრის ერთადერთი თემა იქნება, თუ როგორ წავა პოროშენკო პოსტიდან.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს სისხლისღვრის გარეშე.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში საქართველოს საელჩომ საახალწლო მიღებას უმასპინძლა
შემდეგი სტატიაკიევში 20 მომოტინგე და ათი პოლიციელია დაშავებული