“პოროშენკომ სააკაშვილის დანიშვნა უპირველესად მისი იმიჯის გამო გადაწყვიტა”

პოროშენკო: სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

“უკრაინის ტრანსფორმაცია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ახალი მძიმე სამუშაო”- ამ თემაზე ტელეკომპანია ფრანს 24-მა ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. გადაცემის წამყვანმა ერთი წლის წინ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი პოლიტიკური ექსპერიმენტი უწოდა. მისი თქმით, უკრაინელებმა არ იცოდნენ რას გააკეთებდა სააკაშვილი, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კი პირობა დადო, რომ ოდესას უკრაინის ტრანსფორმაციის ნიმუშად აქცევდა. ავტორის თქმით მიხეილ სააკაშვილმა შემოიკრიბა ახალგაზრდა, განათლებული რეფორმატორების გუნდი და დაიწყო კორუფციის აღმოსაფხვრელად ბრძოლა, რის გამოც ის არამარტო ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტას, არამედ ახლა უკვე ქვეყნის პრეზიდენტ, პეტრე პოროშენკოსაც დაუპირისპირდა. სიუჟეტში საუბარია იმ რეფორმებზე, რომელსაც სააკაშვილის გუნდი ოდესაში ახორციელებს. გუბერნატორის საქმიანობა სტუდიაში მიწვეულმა პოლიტოლოგმაც შეაფასა.

“პოროშენკომ სააკაშვილის დანიშვნა უპირველესად მისი იმიჯის გამო გადაწყვიტა. ეს იყო ძალიან გაბედული ქმედება, თუმცა პრობლემა ისაა, რომ თავად პოროშენკოთან მიმართებაში არსებობს კორუფციის ეჭვები, მაგალითად მან თავისი აქტივები მთლიანად გადაიტანა ოფშორულ კუნძულზე. შეიძლება სწორედ ამით აიხსნას ის, რომ სააკაშვილის სირთულეები შეექმნა არა მარტო პოროშენკოსთან, არამედ ყველასთან. რადგან ყველა კორუმპირებულია სისტემაში, სადაც ვერ გადარჩები, თუ შენც არ გაისვარე ხელები. სააკაშვილმა შესაძლოა მიაღწია არსებითად სასარგებლო შედეგებს, მაგალითად როგორც ოდესის პორტის შემთხვევაში, მაგრამ ამას წლები და თაობები დასჭირდება. მექრთამეობის მთელი ცივილიზაცია არსებობდა, რომელიც გავლენას ახდენს არა მარტო უკრაინაზე და რუსეთზე, არამედ ყველაფერზე, რასაც რუსეთის იმპერია ერქვა. საქართველომ შეძლო რეფორმირება, მაგრამ ყოფილი საბჭოთა სივრცე, რომელიც სწრაფად არ შეუერთდა ევროკავშირს, კვლავ ჩართულია ბიუროკრატიაში, არსებობს უამრავი რეგულაცია, რაც ხელს უშლის ბიზნესს, რომ წარმატებას მიაღწიოს,” – განაცხადა პარიზის ამერიკული უნივერსიტეტის გეოპოლიტიკის პროფესორმა ოლეგ კობცეფიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა
შემდეგი სტატიასირიის არმია რაკაზე თავდასხმას აგრძელებს