პოროშენკო რუსეთს უკრაინული გემების განთავისუფლებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მთავრობას მიმართა მოთხოვნით, რომ დაკავებული მეზღვაურები და გემები დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ, რომელიც კვირას ქერჩის სრუტეში დააკავეს.

“მივმართავ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მოთხოვნით, გაანთავისუფლონ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საერთაშორისო ნორმების დარღვევით ქერჩის სრუტეში დააკავეს და რომელთა ბედიც უცნობია” – პოროშენკომ ორშაბათს, 26 ნოემბერს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს. მიმართვაში, რომელიც გამოქვეყნებულია, ასევე, უკრაინის პრეზიდენტის “ტვიტერ” ბლოგში, პოროშენკო რუსეთს “აზოვის ზღვაში სიტუაციის დეესკალაციისკენ” მოუწოდებს. მან აღნიშნა, რომ ის მოსკოვისგან სწრაფ რეაქციას ელოდება.

კვირას რუსულმა გემებმა შავ ზღვაში ცეცხლი გახსნეს და უკრაინის სამი კატერი გაიტაცეს, დაჭრილია სამი მეზღვაური, გატაცებულია 25 მეზღვაური. ინციდენტი ქერჩის სრუტეში მოხდა, რომელიც შავ და აზოვის ზღვას აერთიანებს და ის კვირა დილიდან გრძელდებოდა. კვირასვე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სამხედრო კაბინეტი შეკრიბა, რომელმაც მომხდარს “სამხედრო აგრესიის აქტი” უწოდა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ პოროშენკომ პარლამენტს მოუწოდა ორშაბათს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდეს.

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს პროვოკაციაში სდებენ ბრალს. კიევი ირწმუნება, რომ კატერები ოდესიდან მარიუპოლში ქერჩის სრუტით რომ იმოძრავებდნენ ეს რუსებს ადრევე შეატყობინეს. მოსკოვი კი ამბობს, რომ უკრაინამ საზღვარი დაარღვია – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიქერჩის სრუტის მოვლენებს ნატო ყურადღებით აკვირდება
შემდეგი სტატია“არ გაგაყალბებინებთ ამ არჩევნებს, ფეხდაფეხ მოგყვებით” – ლევან ბეჟაშვილი გადასატანი ყუთების რაოდენობის უპრეცედენტო ზრდაზე საუბრობს