ფორმულას ტელეწამყვანს ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, 25 თებერვალს მოხდა. დაზარალებულები, ამჟამად ექსპერტიზაზე არიან გადაყვანილები.
შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად
ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი – 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988
წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს
ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის – 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და
მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი
პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი
პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.