ფონიჭალაში სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბრალდებული ნაცემია

პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში, ქვემო ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ადვოკატი, მევლუდ ჩოფლიანი უკვე შეხვდა. უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდებული ნაცემია და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. ვადიდი გუსეინოვს, მისი ადვოკატი, მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა.

„მას აქვს ფიზიკური დაზიანებები მიყენებული, როგორც მე ვვარაუდობდი და დაფიქსირებული აქვს კპზ-ში ჩაბარების დროს ექიმს, რომ მას დაზიანებები აქვს მიღებული. სახეზეც ამჩნევია ცოტა და ტანზეც. თვითონ ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მცემესო. ასევე მან თქვა, რომ მას ჩაუდეს 11 აბის ნარკოტიკი. მან კატეგორიულად უარყო ნარკოტიკების გასაღების ფაქტი,“ – განაცხადა მევლუდ ჩოფლიანმა.

თბილისის გასასვლელში, აღმაშენებლის ხეივანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული აბასგულ გუსეინოვი ადვოკატმა უკვე მოინახულა. სხვადასხვა ადგილზე, სპეცოპერაციების დროს, ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულებს, ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კი, სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 2 სპეცოპერაცია ქალაქის სხვადასხვა ბოლოში ჩატარდა – ერთი დაკავება ნარკორეალიზების ბრალდებით აღმაშენებლის ხეივანში, „კარფურთან“, ხოლო მეორე – ქვემო ფონიჭალაში განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ბიზნესმენი ჟან ფრედერიკ პოლსენი ინიშნება
შემდეგი სტატიაპოლონელი დეპუტატი სოც ქსელში გავრცელებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება