ფონდმა „ქართუმ” ორ ჰექტარზე განთავსებული მინიატურების პარკი სახელმწიფოს საჩუქრად ოფიციალურად გადასცა

საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ” პარკი, სადაც მინიატურებშია წარმოდგენილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული საგანძური, სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.

“საქართველო მინიატურებში” ქვეყნის კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ “ციცინათელას” მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ–რეაკრიაციულ პარკშია გაშენებული.

მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფონდ ”ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ.

ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს, ასევე, საჩუქრად გადასცა უნიკალური მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურის პროტოტიპის ზუსტ აზომვით ნახაზებს ფორმატში, რაც წარმოადგენს ძვირადღირებულ და აუცილებელი ინფორმაციას ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის.

მინიატურების პარკის მშენებლობა დაიწყო 2014 წლის ზაფხულში „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ “არქიტექტურული ლაბორატორია #3”. კომპლექსი მოიცავს: პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განათავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.

პარკში წარმოდგენილია 44 არქიტექტურული ძეგლის მინიატურა, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 5 ძეგლის მონტაჟი. 2017 წელს პარკს კიდევ რამდენიმე მინიატურა დაემატება.

banner
წინა სტატიაშიბათუმში თაფლის ფესტივალი გაიხსნა
შემდეგი სტატია“ქართულმა ოცნებამ” აჭარიდან პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა