პომპეო ერ-რიადში ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობის საკითხს ისევ წამოჭრის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთში თავისი ვიზიტის დროს შეეცდება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია მოიპოვოს – სააგენტო Reuters-ი 4 იანვარს ავრცელებს. პომპეო 8-დან 15 იანვრის ჩათვლით, ასევე, ეწვევა იორდანიას, ეგვიპტეს, ბახრეინს, კატარს და ქუვეითს – შეერთებული შტატების საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გასული წლის ნოემბერში აშშ-ს სენატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პომპეომ თქვა, რომ იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის უკან საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი დგას, არ არსებობს. “საუდის არაბეთთან კავშირებით შესუსტება აშშ-სა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებისათვის სერიოზული შეცდომა იქნება” – დაწერა პომპეომ სხდომამდე.

გუშინ გავრცელდა, რომ საუდის არაბეთის პროკურატურა “ხაშოგის საქმეში” 11 ეჭვმიტანილიდან ხუთის სიკვდილით დასჯას ითხოვს. სასამართლო პროცესის დეტალები არ ვრცელდება.
ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს, სადაც ის დოკუმენტების ასაღებად მივიდა.

თავდაპირველად საუდის ხელისუფლება ყველანაირ კავშირს უარყოფდა მომხდართან, დაახლოებით სამი კვირის შემდეგ ისინი იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ ხაშოგი მართლაც მოკლეს საკონსულოში, თუმცა, მანამდე ამბობდნენ, რომ ის შემთხვევით მოკვდა.
რამდენიმე დღის წინ თურქული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში კარგად ჩანს, რომ საუდის არაბეთის შენობიდან პარკებით გააქვთ ხაშოგის დანაწევრებული სხეული – როგორც ამას მანამდე თურქეთის მთავრობა ირწმუნებოდა. ოფიციალური თურქეთის მტკიცებით, მკვლელობის უკან საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი დგას, რომელიც ხშირად ხდებოდა ჯამალ ხაშოგის კრიტიკის საგანი “ვაშინგტონ პოსტში”.

აშშ-ს სენატმა დეკემბრის თვეში რეზოლუცია მიიღო, სადაც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა დაგმო. საუდის არაბეთმა დოკუმენტს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა უწოდა.

banner
წინა სტატიაშიჰაკერებმა გერმანელი პოლიტიკოსების პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს
შემდეგი სტატიაამერიკის დელეგაცია ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებზე მიდის