პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ იმართება, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების ნახევარზე მეტი.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი გადავიდა, კერძოდ, ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31,36% მიიღო და კონსერვატიული ნაციონალისტი კაროლ ნავროცკი, რომელსაც მხარს უჭერს ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ხმათა 29,54%-ით.
მეორე ტურში ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი პოლონეთის პრეზიდენტი ხდება და მოქმედ პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეცვლის, რომელიც თავის მეორე და ბოლო ვადას ასრულებს.
არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის უფლება თითქმის 29 მილიონ პოლონელს აქვს. ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 21:00 საათამდე გაგრძელდება. 700 ათასზე მეტ პოლონელს ასევე შეუძლია ხმის მიცემა საზღვარგარეთ.
მეორე ტურის წინ ჩატარებული ერთ-ერთი უახლესი გამოკითხვის თანახმად, მმართველი პარტიის კანდიდატს რაფალ ტრჟასკოვსკის და ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ კაროლ ნავროცკის მეორე ტურში თითქმის თანაბარი შანსები აქვთ და ამომრჩეველთა აქტივობა შესაძლოა, 1989 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი იყოს.