უკრაინაში რუსეთის გაგრძელებული ომის ფონზე, პოლონეთმა შეიარაღებული ძალების ყოველწლიური დღე ვარშავის ცენტრში მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნა.
საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, საზეიმო მსვლელობაში 2 000-მდე სამხედრო მონაწილეობდა. დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული ულტრათანამედროვე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა, მათ შორის სამხრეთ კორეისგან შეძენილი K2 Black Panther-ის ტიპის ტანკები.
ნატოს მოკავშირეების სოლიდარობის ნიშნად, ვარშავის ცაში პოლონურ ავიაციასთან ერთად გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების სამი გამანადგურებელიც გადაფრინდა.
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორია არსებული საფრთხეების სწორად შეფასებაში ეხმარებათ:
„პოლონელმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა ფასი გადაიხადა დამოუკიდებლობისთვის. ეს არის აწმყოსა და მომავლისადმი ერთგულების დღე“, — აღნიშნა ნავროცკიმ.
15 აგვისტოს პოლონეთში 1920 წლის ვარშავის ბრძოლას იხსენებენ, როდესაც ახალგაზრდა პოლონურმა სახელმწიფომ საბჭოთა წითელი არმიის მოგერიება შეძლო. პოლონეთ-საბჭოთა ომი 1921 წელს რიგის ზავით დასრულდა. 15 აგვისტო პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ დღედ 1992 წლიდან აღინიშნება.

















