პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა “თბილისის კონფერენციას” ჩაუყარეს საფუძველი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა საფუძველი ჩაუყარა საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობის ახალ ფორმატს “თბილისის კონფერენციას“.

აღნიშნული წარმოადგენს პოლონეთის მიერ ინიცირებულ პლატფორმას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მხარდასაჭერად.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ახალი პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვეს, რომ ეს მექანიზმი შექმნის გამოცდილებისა და საექსპერტო ცოდნის გაზიარების კარგ შესაძლებლობებს, ამ გზით კი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების რეალიზაციას.

ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ევროპის სივრცეში განვითარებულ მოვლენებს, ასევე რეგიონალურ უსაფრთხოებას.

ხაზი გაესვა შექმნილ ვითარებაში პროცესების ადეკვატური გაანალიზების მნიშვნელობას და შემდგომი ნაბიჯების ისე დაგეგმვას, რომ საფრთხე არ შეექმნას ერთიანი, სტაბილური და დემოკრატიული ევროპის იდეას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგინში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს. ამ მხრივ მინისტრებმა ხაზი გაუსვეს NATO-ს ვარშავის მოახლოებული სამიტის მნიშვნელობას. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარი დაუჭირა NATO-ს ვარშავის სამიტზე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების, ისე საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას. მისი განცხადებით ბრიტანეთის რეფერენდუმმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ინტეგრაციის პროცესებზე და პოლონეთი კვლავაც მხარს უჭერს ევროპის გაფართოების იდეას.
“ჩვენ გვსურს საქართველო ვიხილოთ NATO-სა და ევროკავშირის წევრად, საქართველოს, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნების აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებით ჩვენ საბოლოოდ ვიხილავთ ევროპას, როგორც ერთიან, დემოკრატიულ კონტინენტს, ამის გარეშე ერთიანი ევროპის პროექტი არ არის დასრულებული”, – განაცხადა ვიტოლ ვაშჩიკოვსკიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა თბილისის მზაობას კვლავაც განაგრძოს საკუთარი წვლილის შეტანა ევროპული იდეის რეალიზაციის პროცესში.
“ჩვენ გვჯერა ერთიანი, თავისუფალი ევროპის პროექტის, ეს არის იდეა რაზეც ევროკავშირი შეიქმნა. საქართველო არ არის ევროკავშირის წვერი, მაგრამ დაინტერესებულია ევროკავშირის მომავალი წარმატების და კვლავაც განაგრძობს ამ მიმართულებით საკუთარ კონტრიბუციას”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი მიმდინარეობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს ევროკავშირის საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვისას გამოხატული მხარდაჭერისთვის და ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ერთსულოვანი აღიარებისთვის.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და აღინიშნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობა. მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ურყევი პოზიცია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე.

მან მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და გამოთქვა ინიციატივა 2017 წელი გამოცხადდეს საქართველო-პოლონეთის სოლიდარობის წლად.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პოლონელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით თბილისში მოიწვია.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: პოლიტიკურ რეიტინგებში მესამე ადგილზე ყოფნა ცუდი ნამდვილად არ არის
შემდეგი სტატიასანიაღვრე სისტემები მოეწყო ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში