პოლონეთის სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტების შემდეგ, პროკურატურამ გამოძიება უცხოური დაზვერვის ინტერესებიდან გამომდინარე ჩადენილ ტერორისტული ხასიათის დივერსიულ აქტებთან დაკავშირებით დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ეროვნული პროკურატურის წარმომადგენელმა, პრჟემისლავ ნოვაკმა გაავრცელა.
გამოძიება ეხება ვარშავის აღმოსავლეთ-დოროგუსკის მარშრუტზე მე-7 სარკინიგზო ხაზის ინფრასტრუქტურის დაზიანებას, მათ შორის სოფელ მიკას მახლობლად ლიანდაგების დაზიანებას ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით და სოფელ გოლაბთან ლიანდაგების დაზიანებას.
როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს ქმედებები წარმოადგენდა სახმელეთო ტრანსპორტის კატასტროფის უშუალო საფრთხეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მრავალი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
საქმის წარმოება დაიწყო იმ დანაშაულის ნიშნებით, რომელიც ისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით.
ამასთან, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ლუბლინის მახლობლად პატრულირებისთვის თავდაცვის ჯარებს განალაგებს.
აღსანიშნავია, რომ დივერსიის შედეგად დაზიანებული ვარშავა-ლუბლინის რკინიგზის მონაკვეთი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების კუთხით სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ პოლონეთის რკინიგზაზე დივერსიულ ინციდენტებში, შესაძლოა, რუსეთი იყოს ჩართული და ვარშავას გამოძიებაში დახმარება შესთავაზა.
















