პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამამ წვლილი შეიტანა ექვსივე ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში​

ვფიქრობ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამამ წვლილი შეიტანა ექვსივე ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში​, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც იაცეკ ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობა იყო მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო ბოლო ათი წლის განმავლობაში.

„ამ ექვს პარტნიორს შორის განსხვავებული ქვეყნებია განსხვავებული მისწრაფებებით. კარგად ცნობილია, რომ სამ ქვეყანას გააჩნია უფრო მეტად ამბიციური პროგრამა, რომელიც ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამამ წვლილი შეიტანა ექვსივე ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში. ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, ევროკავშირის სტანდარტები წარდგენილია ამ ქვეყნების უმრავლესობაში. ვფიქრობ, ჩვენ ახლა ეს დრო უნდა გამოვიყენოთ. გავიხსენებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინ წარმოთქმულ სიტყვას, რომ ევროკავშირი არის გარდამტეხი წერტილი, მე ვეთანხმები მას. თუმცა ჩვენ ასევე უნდა ჩავიხედოთ ევროკავშირის შიგნით და დავარწმუნოთ ყველა ქვეყანა, რომ უნდა გავაგრძელოთ ეს პროგრამა და უფრო მეტად განვავითაროთ „აღმოსავლეთ პარტნიორობა პლუსი“, რათა ჩვენს რეგიონულ პარტნიორებს მივცეთ უფრო მეტი უფლება, ან შესაძლოა, მოვახდინოთ ამ ჯგუფის ინტიტუციონალიზება, რომ მოვიწვიოთ ისინი უფრო ხშირად ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე, სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებზე, სექტორულ შეხვედრებზე, რომ მათ გაიცნონ ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების სისტემა, მეთოდები, რადგან ისინი არიან ევროპის ნაწილები და აქვთ უფლება ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები ჰქონდეთ. აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროპის აღმოსავლეთი ნაწილი. ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერისა და მიღების მორალური ვალდებულება“, – განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკი : დემოკრატია არის განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ წარმოქმნას სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები
შემდეგი სტატია“თავს დამნაშავედ არ ვცნობ” – მიხეილ კალანდია