პოლონეთის პრემიერი: ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად და უკრაინელების გამარჯვების უზრუნველყოფისთვის

ჩვენ ერთიანები ვართ და ესაა გზავნილი, რომლის გაკეთებაც გვსურს მთელი მსოფლიოს მიმართ. თქვენი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ ინდიფერენტულები იმ ტანჯვის მიმართ, რომელსაც იწვევს ეს სასტიკი, გაუმართლებელი და გენოციდური ომი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელები მხოლოდ საკუთარი სამშობლოსთვის, დამოუკიდებლობისთვის არ იბრძვიან და მათ მეტი დახმარება სჭირდებათ.

მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ევროპული ღირებულებები ცარიელი სიტყვები არ არის, არამედ მის უკან ქმედებები დგას.

„ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად და უკრაინელების გამარჯვების უზრუნველყოფისთვის. პატივია ამ კონფერენციის მასპინძლობა ქალბატონ მაგდალენა ანდერსონთან ერთად. პოლონეთი და შვედეთი დიდი ხნის მეგობრები, მოკავშირეები არიან. 13 წლის წინ, ჩვენ დავაფუძნეთ აღმოსავლეთ პარტნიორობა და მას შემდეგ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირს და აღმოსავლეთ სამეზობლოს შორის სტაბილური, წარმატებული კავშირების გაძლიერებისთვის. ჩვენი პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი, რუსეთის სასტიკი აგრესიის დროს. ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ მრავალი განზომილება აქვს, მათ შორის პოლიტიკური ალიანსი, სამხედრო დახმარება და ასევე ჰუმანიტარული ძალისხმევა. ვითარება უარესდება. უკრაინის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი დევნილია. რუსეთის თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზე, მკვლელობა, გაუპატიურება, წამება, უსაფრთხო ჰუმანიტარულ კორიდორებზე უარი და იძულებითი დეპორტაცია პირობებს ართულებს. უკრაინას ყოველდღიურად სჭირდება 12 ათას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება. ამ დროისთვის, საერთაშორისო ძალისხმევით უკრაინას სამი ათას ტონამდე დახმარება მიეწოდება, რაც უკრაინელების საჭიროების 25 პროცენტია. საკვებისთვის, მედიკამენტებისთვის, ჰიგიენის პროდუქციისთვის და სხვა სახის დახმარებისთვის მეტი დაფინანსებაა საჭირო. არ უნდა დაგვავიწყდეს ლტოლვილები, სამ მილიონზე მეტმა უკრაინელმა, ძირითადად ქალებმა და ბავშვებმა გადაკვეთეს პოლონეთის საზღვარი. ჩვენ დავალებული ვართ უკრაინისგან და უკრაინის მოსახლეობისგან. ვიცით, რომ თქვენ იბრძვით არა მხოლოდ თქვენი სამშობლოსთვის, დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენთვისაც. თქვენ მოიგებთ ამ ომს, ჩვენ ერთად მოვიგებთ. ერთად ვიტყვით, რომ ევროპული ღირებულებები ცარიელი სიტყვები არ არის, მის უკან ქმედებები დგას“, – განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ.

პოლონეთში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში მხარს გვიჭერს, ასე რომ, ტირანია დამარცხდება
შემდეგი სტატია„მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს“ – კელი დეგნანი