პოლონეთის სეიმმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე ახალი პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარტიების კოალიციამ პარლამენტის ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობით. ტუსკს მხარი 248-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი იყო 201.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ დონალდ ტუსკმა მადლობა გადაუხადა პოლონელებს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პოლონელ ქალებსა და მამაკაცებს. მადლობა, პოლონეთო, ეს არაჩვეულებრივი დღეა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ღრმად სწამდა ამ წლების განმავლობაში, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, რომ ჩვენ გამოვიდოდით სიბნელიდან და განვდევნიდით ბოროტებას. ეს არის ის, რაც მოხდა“, – განაცხადა ტუსკმა.