პოლონეთის პარლამენტმა ოტავის კონვენციის დატოვების შესახებ მთავრობის წინადადება დაამტკიცა

პოლონეთის პარლამენტმა ოტავის კონვენციის დატოვების შესახებ მთავრობის წინადადებას მხარი დაუჭირა.

ოტავას კონვენცია ქვეყნებისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, შენახვას, წარმოებასა და გადაცემას კრძალავს.

პოლონეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ რუსეთისგან მომავალი მზარდი საფრთხის წინააღმდეგ ნაღმები აუცილებელია და მათ განთავსებას ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე გეგმავს.

“სამშობლოს დაცვაში პოლონეთს არ შეუძლია თავისი თავი დაიბრკოლოს” – თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოშინიაკ-კამიშმა კანონპროექტზე გამართული დებატების დროს.

მისი თქმით, ფინეთი და სამვე ბალტიის ქვეყანა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, ასევე ემზადებიან ოტავის ხელშეკრულებიდან გასასვლელად და პოლონეთი ამ გეგმებს მათთან ერთად კოორდინირებს.

კანონპროექტს ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს როგორც მმართველმა კოალიციამ, ასევე მემარჯვენე ოპოზიციამ. ჯამში მას 413 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ 15 იყო წინააღმდეგი.

კანონპროექტი ახლა გადაეცემა სენატს, პოლონეთის ზედა პალატას, რომელსაც შეუძლია მისი დაყოვნება, მაგრამ არა დაბლოკვა. ამის შემდეგ იგი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას გაეგზავნება. დუდას შეუძლია კანონს ხელი მოაწეროს, ვეტო დაადოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებისთვის გადაუგზავნოს.

banner
წინა სტატიაშიხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს
შემდეგი სტატიამოსამართლემ პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა