პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების და უკრაინის ვიცე – პრემიერის ვიზიტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა

აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პოლონეთის, ლიეტუვას და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი ეწვევა. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა, ეს არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოხატულება.

“პოლონეთის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით, 6-7 აგვისტოს იგეგმება რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში. კერძოდ, საქართველოში ჩამოვლენ პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე საქართველოს ეწვევა უკრაინის ვიცე – პრემიერი. ეს არის საქართველოს მიმართ მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოხატულება. მთელი ამ 10 წლის განმავლობაში, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მხრიდან მუდმივად ვგრძნობდით მხარდაჭერას, რაც გამოიხატებოდა როგორც საერთაშორისო, ასევე ორმხრივ ფორმატებში ძალიან სერიოზული მხარდაჭერით”,- განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ქართულის მხარის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის „ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ მნიშვნელობას, რომელზეც საუბარი წარიმართება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველო – რუსეთის კონფლიქტზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.

banner
წინა სტატიაშიახმეტის მუნიციპალიტეტში მამაკაცს ხე დაეცა
შემდეგი სტატია#15-ე ციხის მსჯავრდებული, რომელმაც სავარაუდოდ თვითდაზიანებები მიიყენა, კლინიკაში გარდაიცვალა