პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში მყოფ პოლონეთის მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ რუსეთის ტერიტორია, თუ მათი ყოფნა იქ სიცოცხლის, ოჯახური ან პროფესიული მიზეზებით არ არის აუცილებელი.
„ვურჩევთ პოლონეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე, დატოვონ იგი ხელმისაწვდომი კომერციული ან კერძო გზებით, თუ მათ ყოფნას ამ ქვეყანაში არ ამართლებს სასიცოცხლო, ოჯახური ან პროფესიული ვითარება,“ – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ პოლონეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც ასევე გააჩნიათ რუსეთის მოქალაქეობა, „რუსეთის კანონმდებლობის თანახმად განიხილებიან მხოლოდ როგორც რუსეთის მოქალაქეები“. შესაბამისად, მათ შეიძლება შეეხოს რუსეთის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია, რომელიც ფორმალურად კვლავ ძალაშია.
უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრი გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვის ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, ევაკუაცია შესაძლოა გაცილებით გაძნელდეს ან სრულიად შეუძლებელი გახდეს, – აცხადებენ სამინისტროში.
როგორც УНИАН იუწყება, პოლონეთის მთავრობა სერიოზულად განიხილავს რუსეთის შესაძლო თავდასხმის საფრთხეს. ამ კონტექსტში ქვეყნის კულტურის სამინისტრო ამზადებს გეგმას ხელოვნების ფასეულობების საზღვარგარეთ გადატანის შესახებ რუსეთის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში.
მანამდე უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ოლეგ ივაშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინასთან ომის დასრულებიდან ორ-ოთხ წელიწადში „ტექნიკურად მზად“ იქნება ევროპასთან ომისთვის.
ამავე თემაზე ისაუბრა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი დირექტორი, დევიდ პეტრეუსი, რომლის აზრითაც, რუსეთის შემოსევის პირველი სამიზნე შეიძლება გახდეს ლიტვა.
















