პოლონეთი ისრაელისგან ბოდიშის მოხდას ელოდება

პოლონეთი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ისრაელ კაცის განცხადებასთან დაკავშირებით ბოდიშს ელოდება- ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შიმონ შინკოვსკიმ განაცხადა – Reuters-ი წერს.

გუშინ ისრაელის ელჩი ვარშავაში ანა აზარი პოლონეთის საგარეო უწყებამ ისრაელ კაცის განცხადებასთან დაკავშირებით უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე მეორედ დაიბარა. “მინისტრ კაცის განცხადებები არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია, ისინი ჩვენს ხალხს შორის ნეგატიურ ემოციებს აძლიერებს და ანტიპოლონიზმისა და ანტისემიტიზმის ზრდას იწვევს. ჩვენ ველოდებით, რომ ისრაელის მხარეს შესაბამისი რეაქცია ექნება” – პოლონურმა უწყებამ გაავრცელა.

კაცმა ისრაელის ერთ-ერთ რადიო-ეთერში თქვა, რომ “ანტისემიტიზმი პოლონელებს თანდაყოლილი ჰქონდათ ჰოლოკოსტის წინ, მის დროს და მას შემდეგ”.
ასევე, პრემიერ ნეთანიახუს სიტყვების კომენტირებისას კაცმა აღნიშნა: “ჩვენი პრემიერი იყო ზუსტი. მე თვითონ ჰოლოკოსტგადატანილების შვილი ვარ. როგორც ნებისმიერი ისრაელელი და ებრაელი, მე შემიძლია ვთქვა: ჩვენ არ დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ. ბევრი პოლონელი თანამშრომლობდა ნაცისტებთან და როგორც იცხაკ შამირმა თქვა, “პოლონელებმა ანტისემიტიზმი დედის რძესთან ერთად შეითვისეს”. და ვერავინ მიგვითითებს, როგორ ვცეთ პატივი ჩვენს დაღუპულებს”.

ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ უარი თქვა ვიშეგრადის ოთხეულის სამიტზე მონაწილეობის მიღებაზე, რომელიც მიმდინარე კვირას იერუსალიმში გაიმართება.
უთანხმოების მიზეზი ისრაელის პრემიერ-მინსიტრის ბინიამინ ნეთანიახუს გამონათქვამი გახდა, რომელიც მან ვარშავაში გააკეთა. ისრაელელმა ჟურნალისტმა ნეთანიახუს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა პოლონურ კანონზე, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც იტყვის, რომ პოლონელებს რაიმე სახის კავშირი ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტთან, ის ჯარიმით, ან სამი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. “პოლონელები ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ, და მე არ ვიცნობ არავის, ვინც მსგავსი გამონათქვამების გამო დასაჯეს” – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

მოგვიანებით ნეთანიახუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ პრემიერის სიტყვები გაზეთმა არასწორ კონტექსტში მოიხმო.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს დაზვერვა რუსეთს ახალი რაკეტის მისტიფიცირებაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია, რომ დეპუტატებმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც მორალური პასუხისმგებლობით იქნება ნაკარნახევი