პოლონელი სამხედრო ინჟინრები უკრაინის საზღვართან მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტების სიახლოვეს გამაგრებულ უსაფრთხოების საგუშაგოებს აშენებენ.
ეს გადაწყვეტილება პოლონეთის საზღვართან ახლოს, უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ ბოლო დარტყმებს მოჰყვა. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა გაავრცელა.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის ცნობით, მე-4 და მე-18 პოლკების ინჟინრები სათვალთვალო და უსაფრთხოების პოზიციებს დოროჰუსკის, მედიკასა და კორჩოვას სასაზღვრო გამშვები პუნქტების სიახლოვეს აგებენ. სიმაგრეები შენდება HESCO-ს ბარიერების გამოყენებით – ეს არის დასაკეცი მავთულის ბადისებრი კონტეინერები, რომლებიც დასაცავად ქვიშით ან მიწით ივსება.
ეს ზომები მას შემდეგ გატარდა, რაც რუსულმა თავდასხმამ პოლონეთის ტერიტორიიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარე ინფრასტრუქტურას მიაღწია. 13 სექტემბერს რუსულმა დრონმა უკრაინის ვოლინის ოლქში, პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, კიევი-ვარშავის სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაარტყა.








