“პოლიტიკურმა პარტიებმა ჩვენი განსხვავება გვერდზე უნდა გადავდოთ და ერთად ვიზეიმოთ 31 ოქტომბერს გამარჯვება”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, ოპოზიციის ერთიანი ფრონტის შენარჩუნების ინიციატორი იყო, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი „უფრო ჭრელი გემოვნების არის თბილისში, ვიდრე რეგიონებში“.

ბოკუჩავას განმარტებით, სწორედ ამიტომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსი დათმო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მხოლოდ ორ ოლქში წარადგინა.

„ჩვენი ნაბიჯი ბევრმა დიდსულოვნად შეაფასა, რვიდან ექვსი ოლქი დავთმეთ და კანდიდატები მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქში წარვადგინეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ დანარჩენი ოპოზიცია ვერ შეძლებს, კოორდინაციიდან და კონსენსუსიდან ამოვიდეს, ერთობა შეინარჩუნოს და გადაინაწილონ დანარჩენი ექვსი ოლქი, რომელიც დარჩენილია. ამის იმედს მაინც ვიტოვებთ“, – განუცხადა თინა ბოკუჩავამ საქართველოს პირველ არხს.

რაც შეეხება რეგიონებს, ბოკუჩავას განცხადებით, თბილისში კოორდინაცია, ხოლო რეგიონებში კონკურენცია იქნება ის მოდელი, რომელიც ოპოზიციას მაქსიმალურ ხმებს მოუტანს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, არა კონკრეტულ სამაჟორიტარო ოლქებზე ბრძოლა, არამედ ოპოზიციური ხმების მაქსიმალური მობილიზება, რათა ყველამ ერთად დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა. იმის გამო, რომ ყველა ოპოზიციური პარტია საბურთალოს ოლქში საკუთარ კანდიდატურას აყენებს, თუ იძულებული გავხდებით, შეიძლება, ჩვენი კანდიდატების დასახელებაც განვიხილოთ.

იმედს ვიტოვებ, დანარჩენ ექვს ოლქზე მოხდება შეთანხმება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა ერთობის სულისკვეთება, რომელსაც დასაბამი დაუდო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში, შენარჩუნდეს. ვერ გეტყვით, რა არის შეუთანხმებლობის მიზეზი თბილისის ორ ოლქში. არ მინდა, სხვა პარტიების შიდა სამზარეულოში ჩავიხედო ან მათ ნაცვლად ვისაუბრო. იმედია, ისინი ორ ოლქზე შეჯერდებიან და ერთობას შევინარჩუნებთ.

მთავარი უხერხულობის მომენტი არის ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთან, რომელიც ჩვენგან ელის საარჩევნო კამპანიის დაწყებას, იმის გაგებას, თუ როგორ ვისტუმრებთ ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილს და რას გავაკეთებთ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაკვეთა და არა კინკლაობა, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ამომრჩეველი ხედავს. სწორი იქნება, რაც შეიძლება მალე დაიხუროს მოლაპარაკებები, თბილისში ერთიანი სულისკვეთება შევინარჩუნოთ და დავიწყოთ საარჩევნო კამპანია. პოლიტიკურმა პარტიებმა ჩვენი განსხვავება გვერდზე უნდა გადავდოთ და ერთად ვიზეიმოთ 31 ოქტომბერს გამარჯვება, რაც დიდწილად განპირობებული იქნება პროპორციულ ნაწილში ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმების მობილიზებით. ამისთვის ჩვენ მიერ შენარჩუნებული ფორმულა საუკეთესოა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშილერი სულაბერიძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაიმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა