ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის აუცილებელია გამართული პოლიტიკური სისტემა, რომელიც ყველა ლეგიტიმური პოლიტიკური ორგანიზაციის თუ ინტერესჯგუფისთვის კანონის ფარგლებში საქმიანობის სრულფასოვან პირობებს ქმნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
“ჩვენ პოლიტიკური სივრციდან გამოვრიცხეთ ხელისუფლების ძალადობა მოქალაქეთა მიმართ. რა თქმა უნდა, ყველამ, ვინც ბოროტად ისარგებლა ძალაუფლებით თუ გავლენით, მით უფრო, მიმართავდა ძალადობას, წამებას, დევნას, ადამიანების დამცირებას, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე, მაგრამ პოლიტიკაში არის ადგილი ყველასთვის, ვინც პატივს სცემს კანონს. დღეს არა მხოლოდ ხელისუფლება არ დევნის ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით, არამედ ვქმნით სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ საფუძვლებს, რომ აღარავის გაუჩნდეს მსგავსი სურვილიც კი. პლურალიზმი, გამოხატვის თავისუფლება ჩვენთვის შეუცვლელი ფასეულობაა, რომელსაც ჩვენ განუხრელად დავიცავთ”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.