„პოლიტიკური ნება ამ რეალობაში ერთადერთი სწორი გამოსავალია“ – ნატო ჩხეიძე ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებაზე

„სერიიდან: ის, რაც ვერ ვთქვი
დღეს ოთხშაბათია, განცხადებების დღე, მივედი სამდივნოსთან და ჩავეწერე. სიაში ჩემს წინ ათი დეპუტატი მაინც დავლანდე.
ცოტა ხანში მდივანი მეუბნება: დღეს განცხადებები აღარ იქნება, ახალი რეგლამენტით განცხადებების დღე სამშაბათიაო.
რა გაეწყობა.
აგერ დავწერ, რაც უნდა მეთქვა:)
ორი კვირაა პროკურატურის შენობასთან შიმშილობენ ზვიად გამსახურდიას შვილები.
ჯერ კიდევ არ ან ვერ მოხერხდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ოფიციალური გაფორმება.
მმართველმა გუნდმა მოიღო მოწყალება და 5 წლით გაახანგრძლივა გამოძიების ხანდაზმულობის ვადა, რაც დადებით ქმედებად იქნა შეფასებული საზოგადოების მიერ.
მიუხედავად ამ ვითომ დადებითი აქტისა, გამსახურდიებს შიმშილი არ შეუწყვეტიათ,
რადგან,
თუ არ იქნება გამოყოფილი სპეციალური პროკურორი,
და რაც მთავარია,
არ იქნება პოლიტიკური ნება, – ვერც ის სპეციალური პროკურორი გააკეთებს რასმეს და
ის დამატებული ხუთი წელიც ისევე შემოგვადნება, როგორც 25 წელი გაილია უშედეგოდ.
არადა, საზოგადოებისთვის ყველაფერი დიდი ხანია ნათელია, ყველაფერი უკვე გამოკვლეულ/ დადგენილ/ დადასტურებულია თუნდაც კონსტანტინე გამსახურდიას საგამოძიებო კომისიითაც და თუნდაც როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანითაც:
“ ეკლის გვირგვინი”.
პროკურატურას ისღა დარჩენია, რომ არსებული დასკვნები ოფიციალურად გააფორმოს.
ზვიად გამსახურდია მხოლოდ მისი შვილების მამა არ არის, ის ჩვენი ქვეყნის მამაა,
ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებელი სახელმწიფო მისი შექმნილია და ჩვენი დასავლური პოლიტიკური ორიენტაციაც მის მიერ არის განსაზღვრული.
პოლიტიკური ნება ამ რეალობაში ერთადერთი სწორი გამოსავალია, რათა ამ ქვეყნის გულანთებული შვილების, უამრავი ადამიანის შიმშილობის კი არა, მრისხანე პროტესტის შემსწრენი არ გავხდეთ, რაც ადვილი მოსალოდნელია.
არ უნდა განმეორდეს კირიონ მეორის ტრაგიკული ისტორია, როცა 80 წელი დასჭირდა მისი მკვლელობის დადასტურებას, რაც ათეული წლები თვითმკვლელიბად საღდებოდა ყალბი ვერსიის გავრცელების გამო, მერე კი კირიონ მეორე, მოგწხსენებათ, წმინდანადაც შეირაცხა.
კირიონ მეორის მკვლელობის სამართლებრივი შეფასება ცხადია, არ მოხდებოდა ბოლშევიკურ- კომუნისტურ ეპოქაში, და არც მოხდა, რადგან მაშინ არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება და ამიტომაც გაყალბდა ისტორია, ამიტომაც დაიგვიანა ათეული წლები სიმართლის გამომზიურებამ.
და თუ კვლავ, ახლაც, არ იარსებებს პოლიტიკური ნება, ძალაუნებურად იქმნება საშიშროება, რომ იმ ძველი ეპოქისთვის ნიშანდობლივ განუკითხაობას დაემსგავსება
ჩვენი დღევანდელი სახელისუფლო პოლიტიკა, რაც, ცხადია, სასურველი სულაც არ არის ჩვენი დემოკრატიული წყობისა და ევროსტრუქტურებისკენ მისწრაფების ვითარებაში.
ამიტომ სჯობს, დროულად გამოიჩინონ პოლიტიკური ნება მათ, ვისაც ეს ეგების.“

banner
წინა სტატიაშისემეკ-ის პროექტის მიხედვით, თბილისში ბუნებრივი აირის ფასი მცირდება
შემდეგი სტატიასაჩუქარი მატარებლის მგზავრებს