22.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

პოლიტიკური ლიდერების საქმე: მოსამართლემ შესაძლოა კვირაში სამი პროცესი ჩანიშნოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებით, პროცესი მედიისა და დამსწრეებისთვის დახურული იყო. 8 ბრალდებულიდან სხდომას მხოლოდ ორი — ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

მოსამართლის განცხადებით, თუ ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს დღეში 4 მოწმის გამოკითხვა ვერ მოესწრება, ის კვირაში მესამე პროცესსაც დაამატებს. ბრალდებული პოლიტიკოსების განმარტებით, მათი კერძო ადვოკატები სხვა საქმეებშიც მონაწილეობენ და ასეთი სიხშირით სიარულს ვერ შეძლებენ, რის გამოც პროცესში სახაზინო დამცველების ჩართვა იგეგმება.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ. ზურა ჯაფარიძის განცხადებით, მოწმეების ჩვენებები არაზუსტია, არ მყარდება ვიდეომტკიცებულებებით და ისინი კონკრეტულ დეტალებს ვერ იხსენებენ.

პროკურატურა ბრალდებულებს შემდეგ მუხლებს ედავება:

მიხეილ სააკაშვილი — სსკ-ის 317-ე მუხლი (კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება). სასჯელი: 3 წლამდე პატიმრობა.

ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე — სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილი და 319-ე მუხლი (საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება). სასჯელი: 7-დან 15 წლამდე პატიმრობა.

ელენე ხოშტარია — სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 319-ე მუხლი და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი (საბოტაჟი, დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება). სასჯელი: 7-დან 15 წლამდე პატიმრობა.

ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე — სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილი (საბოტაჟი). სასჯელი: 2-დან 4 წლამდე პატიმრობა.

banner
წინა სტატიაში“კანონი მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესებით მოქმედებს”- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
შემდეგი სტატიაადვოკატი: ალეკო ელისაშვილის საქმეში პროკურატურის მტკიცებულებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის