„პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისია“ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა და დევნილთა სიას 4 იანვარს გამოაქვეყნებს

ოპოზიციური ფორმატის გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი, „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი ინტერპარტიული კომისია“ საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ პირთა სიის გადაცემას აპირებს, რომლებსაც მათი მოთხოვნით, სანქციები უნდა დაუწესდეთ, მათ შორის ქვეყნის დატოვების შეზღუდვის სახით.

ამის შესახებ განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, შეხვედრის დაწყებამდე გააკეთეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, სიაში მოხვედრილები უნდა გახდნენ ინდივიდუალური სანქციების სამიზნე.

„ეს სანქციები არის გადაადგილების თავისუფლება აშშ-ში თუ ევროპაში, ისევე როგორც ფინანსური სანქციები. განსაკუთრებით აქტუალურია ეს მაშინ, როდესაც დასავლეთი ღიად ალაპარაკდა ინდივიდუალურ სანქციებზე. ძირითადი აქცენტი იქნება 20 ივნისი და შემდგომ განვითარებული მოვლენები, თუმცა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, არაერთი პოლიტპატიმარი იყი და არის. ამ კომისიის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები შევჯერდეთ ერთობლივ სიაზე, რათა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მივაწოდოთ ეს სია“, -განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეხვედრის დასაწყისში განცხადება გააკეთა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

„ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლთა და ჯალათთა იდენტიფიცირებისთვის, ოპოზიციურ პარტიათა ეგიდით შეიქმნა „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისია“. სავარაუდოდ, 4 იანვარს, ჩვენ გამოვაქვეყნებთ პირველად სიას პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა და დევნილთა თაობაზე. ჩვენ ასევე ვიმუშავებთ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლებთან მიმართებაში, პოლიტიკურ აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებსა და ასე შემდეგ. ასევე ვიმუშავებთ ფინანსურ სანქციებზე, რომლებიც უკანონოდ გამოიყენება, როგორც ბრძოლის ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გამოყენებული იქნეს ინდივიდუალური სანქციები როგორც რეჟიმის შემქმნელი ივანიშვილის, ასევე მისი გამორჩეული ჯალათების მიმართ. მათი სახელების იდენტიფიკაცია მოხდება, როგორებიც არიან გახარია, ჩუბინიძე, ფილიშვილი, სირაძე და სხვები. მათი რიცხვი მომავალში გაიზრდება. ამ ეტაპზე შემსრულებლებიდან გამოკვეთილად შეგვიძლია დავასახელოთ მოსამართლეებიდან ფილიშვილი, პოლიციელებიდან სირაძე, რომელიც უშუალოდ ახორციელებს უკანონო დარბევა-დაკავებებს. 200-ზე მეტია ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსებით დაკავებული და სანქცია დადებული პირი“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი რურუას ბრალდებას ახალი მუხლი დაემატება
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი რუსეთთან პოლიტიკური ფორმატის შექმნის თაობაზე, პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა