6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

“პოლიტიკური დევნა და რეპრესიები” – რუსთაველის გამზირზე ენმ-ის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს აკავებენ

“პოლიტიკური დევნა და რეპრესიები” – ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ პოლიციის მხრიდან რუსთაველის გამზირზე ენმ-ის აქტივისტებისა და პარტიის მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული დაკავებების სერია.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სამართალდამცავები აკავებენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან.

“თაიმერთან” საუბრისას თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება აქტივისტებისა და აქციის სხვა მონაწილეების დაკავებას რამდენიმე სამართლებრივი მიზეზით ხსნის, თუმცა, ბოკუჩავას თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ერთმანეთისგან გამიჯნოს, რა თქვა სახელმწიფომ დაკავებების მიზეზად და რა პრობლემები გამოიკვეთა მოგვიანებით დაკავებების კანონიერებასთან დაკავშირებით.

“რაც დღეს ჩვენს თვალწინ ხდება, ეს ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება. ივანიშვილის პოლიცია მოურიდებლად აკავებს ყველას, ვინც აქტიურად უპირისპირდება გავრილოვის უმსგავსო ქმედებასა და ხელისუფლების დუმილს ამ უმსგავსობაზე. როგორ შეიძლება სახელმწიფოს არ ჰქონდეს მკაფიო რეაქცია რუსეთის შემოჭრაზე პირდაპირ პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძლის დაკავებაზე?! როგორ შეიძლება სახელმწიფოს არ გაუჩნდეს პროტესტი ოკუპანტის მიერ საკუთარ ენაზე სხდომის წარმართვაზე?! რა უფლებით აკავებ შენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ჯანსაღი პოზიცია ყველაფერ ამაზე?! რამდენიმე წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებთან ერთად, დააკავეს ის სტუდენტები, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს ჩვენს პარტიას და იზიარებდნენ ჩვენს პოზიციას?! ასევე, მომაწოდეს დაკავებული აქტივისტებისა და იმ რამდენიმე სტუდენტის ვინაობა, რომლებიც პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ დააკავა. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, დაკავებულ ბესიკ თამლიანს, გიორგი ნაჭყებიას, იოსებ თხელიძესა და სხვა აქტივისტებს შორის არიან ჩვენი ქვეყნის მომავლის ბიჭები, ჩვენი სტუდენტები: ნიკა გასვიანი, გიორგი გურჩიანი, ალექსანდრე ჭიჭინაძე და სხვები. სამწუხაროდ სრული სია ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით საჭირო ღონისძიებებში, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს მათი გათავისუფლება და ამავდროულად, ვიბრძოლებთ “ქართული ოცნების” ყველა იმ წევრისა თუ მხარდამჭერის წინააღმდეგ სადამსჯელო მექანიზმის ამოქმედებისთვის, რომლებიც თუნდაც დუმილით სჩადიან უდიდეს დანაშულს და ქვეყანას თავზე ლაფს ასხამენ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებამ დღევანდელ აქციაზე ძალის გამოყენების პასუხისმგებლობა ოპოზიციურ ლიდერებს გადააბარა, ხოლო უფრო ადრე განხორციელებული სისხლისსამართლებრივი საქმეები მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია.

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ოლიგარქის მმართველობის ქვეშ, რომელიც შუშის სასახლიდან მართავს და აკვირდება მოვლენებს. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით წყვეტს ახალგაზრდებისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ბედს და ამაზე პასუხისმგებლობას ისევ ჩვენ, ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლებს გვაკისრებს. არ ჰყოფნის გამბედაობა, რომ გამოვიდეს და დადგეს ხალხის წინ, არ აქვს სინდისი, რომ ქართველ ერს თვალებში ჩახედოს და მაშინ, როცა სახელმწიფო, რომლის ხელში ჩაგდებაც სურს, ასეთი უმსგავსობის წინაშე დგას, ფაქტობრივად კრიტიკულ ზღვარზეა, ის მაინც ზის თავის სასახლეში და მშვიდად აკვირდება მოვლენებს, თითქოს რაღაც კომპიუტერულ თამაშს თამაშობდეს ისე ერთობა აქ, ბრძოლის ველზე არსებული ვითარებით”, – აღნიშნა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის „დუმის“ დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გუშინ საქართველოში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტში, უწყების თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას საკუთარ ენაზე წარუძღვა.

ავტორი: თამარ დემეტრაძე

 

banner
წინა სტატიაშიშემზარავი კადრები რუსთაველიდან – სპეცრაზმმა აქტივისტებს გადაუარა
შემდეგი სტატიახალხი არის დასახიჩრებული, რატომ გვესვრით, აღარ ისროლოთ – პოლიციელებს სასულიერო პირმა მიმართა