პოლიტიკოსის მიტინგზე ხალხი თუ არ მიდის, პოლიტიკოსის პრობლემაა, მკაფიო მიზანი თუ არ გვაქვს, ეს ხალხი დაიშლება – რაქვიაშვილი

პოლიტიკური პროცესი პოლიტიკოსებმა უნდა წარმართონ, მიტინგზე ხალხი თუ არ მიდის, პოლიტიკოსის პრობლემაა, მკაფიო მიზანი თუ არ გვაქვს, ეს ხალხი დაიშლება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოაწყონ სხვადასხვა მიტინგი.

„აქ ხომ საბოლოო ჯამში იმაზე არ არის საუბარი, მაინცდამაინც ყველა შეიკრიბოს, რადგან მერე ვხედავთ, რომ პოლიტიკური მიზანი მკაფიო თუ არ გვაქვს, ეს ხალხი დაიშლება. ამ ხალხს ძალიან სწორი, ადეკვატური შეფასებები აქვს. არ ისეირნებენ ქუჩაში, რომ ტერიტორია მონიშნონ, როგორც მშვენიერაძემ თქვა. ეს უბრალოდ აბსურდია. არ შეგვიძლია, შევთანხმდეთ? კარგი. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თავისი მიტინგი მოაწყოს, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, მაგრამ გასაგები ლოზუნგებით და რომელიღაც პოლიტიკური პარტია, საბოლოო ჯამში, გააგებინებს ადამიანებს, დაარწმუნებს, რომ თავისი ლოზუნგები სწორია და ის იქნება წამყვანი ძალა ამ სიტუაციაში. ასე, როცა ვითომ რაღაც „ენჯეოშნიკებს“ ვეფარებით, რომლებიც რა როლს ასრულებენ, არ მესმის, იმიტომ, რომ პოლიტიკოსები არიან? მაშინ თქვით, რომ პოლიტიკოსები ხართ, პოლიტიკური პარტია შექმენით. ვამბობთ, რომ რაღაც გეგმა დაწერეს ამ არასამთავრობოებმაო და ის უნდა გამოვიყენოთ და რატომ. ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც იმ მიტინგზე არიან, ბევრი განსსხვავებული პოზიციები აქვთ, თავისი გეგმა არ აქვთ ამ 12 პუნქტის მიმართ, მაინცდამაინც არასამთავრობოებს უნდა ამოეფარონ? ასეთი შეგრძნება მაქვს.

მე მაგალითად ჩემი წარმოდგენა მაქვს 12-პუნქტიან გეგმაზე. როგორ უნდა მოხდეს და ვცდილობთ, ჩვენი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ამ 12 პუნქტს მივუდგეთ, რა შეიძლება, გავაკეთოთ, მაგრამ შეიძლება, რომელიღაც არასამთავრობოს თავისი პოზიცია ჰქონდეს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ როგორ გამოვიდა, ყველა პოლიტიკურ ძალას ერთნაირი პოზიცია აქვს? ვერ დავიჯერებ. მიტინგზე ხალხი რომ ითხოვდა სააკაშვილის გათავისუფლებას და ასე შემდეგ, ყველაზე გულწრფელი ხალხი იყო სინამდვილეში.მათი პოზიცია ძალიან გასაგებია. შეიძლება, არ ვეთანხმებოდით, მაგრამ გასაგებია და გულწრფელი. ის ხალხი, ვინც ტრიბუნასთან გამოდიოდა და რაღაც უაზრობებს ლაპარაკობდნენ, მათი პოზიცია რა იყო, რა უნდოდათ? არ ვიცით. ბუნებრივია, ხალხი მოუსმენს ერთი, ორი საათი და წავა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე სჯობდა, რაიმე წესიერი პოლიტიკური მიზანი ჩამოყალიბებულიყო და აღნიშნა, რომ „არ შეიძლება, ადამიანებს გეგმა დაუმალო“.

„სჯობდა, რაიმე წესიერი პოლიტიკური მიზანი ჩამოყალიბებულიყო. მაგალითად, პროპორციული არჩევნები. ეს რომ ყოფილიყო მიზანი, გასაგები იქნებოდა, რას ვითხოვთ. 100 ათას კაცს რომ ეს მოეთხოვა, მიღებული გვექნებოდა დიდი ალბათობით. როგორ შეიძლება, გეგმა დაუმალო ადამიანებს. ხალხი ყვიროდა, გეგმა, გეგმაო. ტელევიზიებში უნდა ისხდნენ ეს ორგანიზატორები და ლაპარაკობდნენ, ამას ვხედავთ, იმას ვხედავთ. სუს-ს და „ქართულ ოცნებას“ უმალავენ ინფორმაციას, ეს ხომ აბსურდია.

საბოლოო ჯამში, პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, რა როგორ მოხდება. ზოგადად, პოლიტიკურ სპექტრს თუ გადავხედავთ, მგონი, ჩვენ გვაკლია გრძელვადიანი ან ოდნავ რამდენიმენაბიჯიანი გეგმა. „ქართული ოცნება“ რაც არის, ვიცით, მაგრამ ორი შედარებით წარმატებული მიტინგი მახსენდება. სარალიძის საქმე რომ იყო, ჯერ პროკურატურამდე ვერ მივედით, შოთაძე გადადგა. 20 ივნისიც გვახსოვს, როგორი გაბრაზებული ხალხი მოდიოდა. ამ სიტუაციაში ხალხი არ იყო გაბრაზებული იმ გაგებით, როგორც მაგალითად სარალიძის შემთხვევაში, მაგრამ ძალიან სერიოზული მუხტი იყო, ბევრი გამოვიდა. ე.ი. რა უნდა გააკეთო, უნდა გაზარდო ეს მუხტი იქამდე, რომ იქითა მხარე მიხვდეს, რომ საშიშია უარის თქმა. მუხტის გაზრდაზე ვმუშაობთ რამდენადაც შეგვიძლია. ერთადერთი გამოსავალი არის მაგალითად, რომ მკაფიოდ დავანახოთ, რას ვკარგავთ, რა რისკების ქვეშ ვართ, რა არის ევროპა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის ხალხი, ვინც ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს
შემდეგი სტატიაუკრაინის აღსადგენად საჭიროა ახალი მარშალის გეგმა – ტრასი