პოლიტიკოსების მხრიდან ქალებზე სექსისტური გამონათქვამების ზრდა საგანგაშოა – ომბუდსმენი

პოლიტიკოსების მხრიდან ქალებზე სექსისტური გამონათქვამების ზრდა საგანგაშოა – ეს განცხადება, სახალხო დამცველმა გააკეთა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მათ შორის, აღსანიშნავია თინათინ ბოკუჩავას და ინგა გრიგოლიას მიმართ გამოთქმული სექსისტური მოსაზრებები.

“საგანგაშოა, რომ სექსისტური ფრაზების ავტორები, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკოსები, მათ შორის, არჩევითი ორგანოების – პარლამენტის და საკრებულოების წევრი კაცები არიან. მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ
ეფუძნება ობიექტურ, პროფესიულ კრიტიკას, არამედ განპირობებულია გენდერული სტერეოტიპებით და აქცენტს მსხვერპლის სქესსა და სექსუალობაზე აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სექსისტური გამონათქვამები ქალთა მიმართ პოლიტიკური ბრძოლის ხერხია, რომელიც არა რეალურ კრიტიკას და ოპონირებას, არამედ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ქალების დამცირებას ისახავს მიზნად”, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ამასთან, ომბუდსმენის თქმით, მსგავსი შემთხვევების ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის და დისკრიმინაციის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ქალები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ტაბუდადებულ თემებზე საუბარს, დუმილის კულტურის დარღვევას და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შეცვლაზე მიმართულ მუშაობას.

“პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის მიღწევის პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ვინაიდან მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ”, – აღნიშნავს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის აზრით, ქალთა პოლიტიკური და სოციალური ცხოვრებიდან გარიყვის საპასუხოდ, აუცილებელია, დადგეს სექსისტური გამონათქვამების ავტორების იმგვარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება მომავალში დისკრიმინაციისა და ძალადობის წამახალისებელი გამონათქვამების გავრცელებაზე.

გარდა ამისა, ომბუდსმენი მოუწოდებს პოლიტიკოსებს და საჯარო ფუნქციის მატარებელ პირებს თავი შეიკავონ დისკრიმინაციული შინაარსის გამონათქვამებისგან და მათი საქმიანობისას ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობის დაცვას. სახალხო დამცველის აზრითვე, მნიშვნელოვანია, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში შემუშავდეს ეთიკის კოდექსი, რომლითაც სექსისტური თუ სხვა სახის დისკრიმინაციის წამახალისებელ გამონათქვამების შემთხვევაში სამართლებრივი სანქცია იქნება გათვალისწინებული.

banner
წინა სტატიაშიკომერციული მოსყიდვის ფაქტი იმერეთში – დაკავებულია შპს-ს მენეჯერი
შემდეგი სტატიავითარება დავთ გარეჯში – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს