” Politico-“საქართველოს ევროპული ოცნება იცოცხლებს ან დაიღუპება მიხეილ სააკაშვილთან ერთად

ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილმა, შესაძლოა, საქართველოს იმედები ევროკავშირზე სამუდამოდ ჩაძიროს.

თბილისი, საქართველო — თითქმის ყოველდღე, გიული ალასანია საქართველოს დედაქალაქის მტვრიან გზატკეცილზე მიდის, რათა საავადმყოფოში მყოფი შვილი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს.
”ირონიულია,” ამბობს ის და თან ფუსფუსებს პლასტმასის კონტეინერებში ჩაშუშული ლობიოსა და სალათების მისთვის სადილად წასაღებად მოზადებისას, – ”როდესაც ის პრეზიდენტი იყო, მან ააშენა ეს კლინიკა. ახლა ის მასში კვდება.”

დაავადებულ და ციხეში მყოფ სააკაშვილს ხელში უჭირავს საქართველოს მომავალი.
საავადმყოფოს ოთახში მიჯაჭვულმა, მისი ადვოკატების მეშვეობით მოწოდებულ დაუდევრად დაწერილ წერილში, POLITICO-ს უთხრა, რომ მისი სიცოცხლე ან სიკვდილი უზარმაზარ გავლენას იქონიებს იმაზე, აქვს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეალური შანსი.
”მე ვიბრძვი ჩემი სიცოცხლისთვის და ამ ქვეყნისთვის,“ – წერს ის, – „რა თქმა უნდა, მათ შეიძლება მაინც მიმიყვანონ ლეტალურ შედეგამდე და ეს იქნება საშინელი სიგნალი ამ ჰიბრიდულ ომში მთელი რეგიონისთვის, რომელიც წაახალისებს ავტოკრატიებს და დესპოტების მიმბაძველებს.”

სააკაშვილის უზარმაზარი გავლენა მისი პრეზიდენტობის დასრულებიდან ათი წლის შემდეგაც იგრძნობა, მიუხედავად მისი ლიდერობის წინააღმდეგობრიობისა.
2003 წელს ის იყო ვარდების რევოლუციის ლიდერი, რომელმაც კორუფციასთან ბრძოლისა და დასავლეთისკენ სვლის დაპირებით შეცვალა ოლიგარქების მართული პოსტსაბჭოთა მთავრობა. მან კონსტიტუციაც კი შეცვალა, რათა განემტკიცებინა „სრული ინტეგრაცია“ ევროკავშირშიც და ნატოშიც.

„ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალგაზრდებში ასეთი განწყობა იყო – ჩვენ ყველა მოტივირებულები ვიყავით, გვჯეროდა, რომ გვქონდა შანსი, აგვეშენებინა საქართველო და გაგვეხადა განსხვავებული იმისგან, რაც იყო ადრე“, – ამბობს ანტიკორუფციული არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელი ეკა გიგაური. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ არ ვიყავით ერთი რიგითი პოსტსაბჭოთა ქვეყანა და რომ ევროკავშირი და ნატო ჩვენთვის ერთადერთი არჩევანი იყო. ჩვენ მზად ვიყავით ყველაფერი მიგვეძღვნა ამისთვის“.
მაგრამ სააკაშვილი იყო ქვეყნის სათავეში 2008 წლის რუსეთთან კატასტროფული ომის დროს და მისმა მზარდმა ავტორიტარიზმმა ბევრი მისი თავდაპირველი მხარდამჭერი ჩამოაშორა, მათ შორის გიგაური, რომელმაც დატოვა საჯარო სამსახური, რათა გარედან უზრუნველეყო სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება.
პომპეზურმა მემარჯვენე-ცენტრისტმა ლიდერმა პრეზიდენტობა 2013 წელს დაასრულა და უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ჯერ ოდესის გუბერნატორი, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. ქართულმა სასამართლომ ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ ოპოზიციონერი დეპუტატის ცემისთვის მსჯავრდებული პოლიციელის შეწყალებისთვის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. მას ჩამოერთვა ქართული პასპორტი და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ცოტა თუ მოელოდა, რომ სააკაშვილი ოდესმე დაბრუნდებოდა.
მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს მისი ყურადღების ცენტრში ყოფნის უნარი.
2021 წელს, სამშობლოს მონატრებული პოლიტიკოსი უკანონოდ შემოიპარა საზღვარზე, მოიარა რეგიონები, მიირთვა თავისი საყვარელი ხინკალი და ხელისუფლებას მისი დაპატიმრების საშუალება მისცა, რაც მათ მალევე გააკეთეს. სულ უფრო ექსცენტრულმა ყოფილმა პრეზიდენტმა, თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. მან [შიმშილობა] შეწყვიტა რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში.
თუმცა, მას შემდეგ 55 წლის [სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
”მან იმდენად დაიკლო წონაში, რომ ძლივს ვცნობ მას”, – თქვა მისმა დედამ. „მისთვის მომაქვს ყველაზე პატარა ზომის შარვალი და ისიც კი ძალიან დიდია მისთვის. მას აქვს დაბნეულობა, არ ახსოვს რა მოხდა რამდენიმე საათის წინ. ტესტებმა აჩვენა, რომ მას სხეულში აქვს მძიმე მეტალები, ვერცხლისწყალი, ბარიუმი, ბისმუტი და ციანიდი.”

Სიცოცხლე და სიკვდილი

შეიძლება, სიცოცხლეში სააკაშვილმა ვერ შეძლო ღრმა და მდგრადი რეფორმების განხორციელება, რაც საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად სჭირდება, მაგრამ მისი სიკვდილით ეს პერსპექტივა შეიძლება სამუდამოდ ჩაიძიროს.
„საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობა უკვე ღრმა კრიზისშია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მოსკოვთან დათბობის შედეგად“, – თქვა დავით კეზერაშვილმა, რომელიც სააკაშვილის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა 2008 წელს რუსეთის შემოჭრის დროს. ”და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ჩვენს თვალწინ ინგრევა.”
მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ხელისუფლება დატოვა, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ, ქვეყანამ უფრო პრომოსკოვური მიმართულებით გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა საჯაროდ დატოვა აქტიური პოლიტიკა, საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებით, ის კვლავ რჩება მთავარ გადაწყვეტილებების მიმღებად და აძლევს ბრძანებებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
მიუხედავად იმისა, რომ კრემლი და მისი ადგილობრივი მოკავშირეები საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს აკონტროლებენ, მთავრობამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამის ნაცვლად, მას ადანაშაულებენ ქვეყნის იმ სანქცირებული საქონლის გამტარად ქცევის იგნორირებაში, რომელიც ევროკავშირიდან რუსეთში მიედინება, რომელიც, თავის მხრივ, სარგებელს იღებს სანქციების გვერდის ავლით.
ურთიერთობების დათბობის ნიშნად, კრემლმა გააუქმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეამსუბუქა. საზოგადოების პროტესტისა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გაფრთხილების მიუხედავად, რუსი დამსვენებლები ახლა მზიან დედაქალაქსა და მის ზღვისპირა კურორტებზე დაფრინავენ.
მაისში ღარიბაშვილი კრიტიკის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც თქვა, რომ ომი იყო უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილის შედეგი, რაც რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მესიჯებს ეხმიანებოდა.
საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ანგარიშის თანახმად, ივანიშვილი „როგორც ჩანს, დიდწილად პასუხისმგებელია“ თბილისის პრომოსკოვურ გადახრაზე. „ქართულ ოცნებასა და მთავრობაზე კონტროლის გზით, ივანიშვილი, შესაძლოა, საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში შეყვანას ცდილობდეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროკავშირის მომხრე მოსახლეობა

ხელისუფლების მიმართულების შეცვლა ეწინააღმდეგება ხალხის შეხედულებებს. მთელ თბილისში ბინების აივნებსა და სამთავრობო შენობებზე ევროკავშირის ლურჯი დროშები კიდია.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ აპრილში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართველების 89% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაგრამ შერჩეული 1500 ადამიანიდან მხოლოდ 38% ფიქრობს, რომ ამჟამინდელი მთავრობა მისდევს „პროდასავლურ“ საგარეო პოლიტიკას.
საავადმყოფოს გარეთ, აქტივისტი 24 საათის განმავლობაში აპროტესტებს და იქვე მანქანაში ძინავს, რომელიც გაფორმებულია პლაკატებით წარწერით “გაათავისუფლე მიშა!”
ასევე არსებობს საერთაშორისო შეშფოთება სააკაშვილის ბედით. ზელენსკის სურს, რომ საქართველოს მთავრობამ ყოფილ პრეზიდენტს უკრაინაში ჩასვლის საშუალება მისცეს.
”რუსეთი კლავს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლების ხელით,” – დაწერა მან ტვიტერზე ამ თვის დასაწყისში, მას შემდეგ რაც სასამართლოს ფოტოებზე გამოფიტული სააკაშვილი იყო გამოსახული. „მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, გადაჭრან ეს საკითხი, არ გაუკეთონ იგნორირება და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანები, სიცოცხლე ძირითადი ევროპული ღირებულებაა“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ ის „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას. იმავდროულად, ევროპარლამენტმა ამ წლის დასაწყისში მოუწოდა თბილისს, გაათავისუფლოს სააკაშვილი და გააფრთხილა, რომ მისდამი მოპყრობა არის „ლაკმუსის ტესტი საქართველოს მთავრობის ერთგულებისა ევროპული ღირებულებებისა და მისი დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისადმი“.

დაპირისპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე
საქართველოს იმედები ევროკავშირთან დაკავშირებით უკვე ღრმა განსაცდელშია.
2022 წლის ივნისში ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, მაგრამ არ შესთავაზა იგივე საქართველოს. ამის ნაცვლად, გადასცა რეფორმების 12 რეკომენდაციის პაკეტი.
გასულ წელს ევროპარლამენტის ანგარიშში აისახა გაფრთხილება, რომ საქართველომ „განიცადა სერიოზული უკუსვლა ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და პოლიტიკური ვალდებულებების თალსაზრისით“, რომლებიც მან გაერთიანებასთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო.
„უკუსვლას განიცდის კანონის უზენაესობა იმ პროგრესიდან, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობის პირველ წლებში მიაღწია“, – თქვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ვახუშტი მენაბდემ და დასძინა: „ისინი ცდილობენ შექმნან ილუზია, რომ არის პროგრესი. თუმცა, შემოთავაზებულ რეფორმებს არ მივყავართ მეტი დემოკრატიზაციისკენ“.
მაშინ, როდესაც მთავრობა ამტკიცებს, რომ სააკაშვილი იღებს ადეკვატურ მკურნალობას და უნდა მოიხადოს სასჯელი, ყოფილი ლიდერის მოკავშირეები ითხოვენ ევროკავშირის მხარდაჭერილ ჯგუფს მისი ჯანმრთელობის გამოსაკვლევად.
გიორგი ჩალაძე სააკაშვილის მთავრობაში კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილედ მუშაობდა და ახლა მისი პირადი ადვოკატია. ”თებერვალში ევროკავშირი დათანხმდა, გამოგზავნოს მისია მისი მკურნალობის და ჯანმრთელობის შესასწავლად,” – თქვა ოფისში მჯდარმა, სადაც გარშემორტყმული იყო ყოფილი პრეზიდენტის გაუგებარი ხელნაწერით სავსე ქაღალდებით.
ამ თვის დასაწყისში დიდი ხნის ნანატრი პოლონური სამედიცინო მისია თბილისში იმყოფებოდა, მაგრამ ჯერ არ გამოუქვეყნებია მისი შედეგები. მათ გარდა, სააკაშვილის ერთადერთი სტუმრები დედა და ადვოკატები არიან.
ჩალაძე ან მისი გუნდის სხვა წევრი ყოველდღე სტუმრობს საავადმყოფოს ამობეჭდილი ტვიტებით და კეთილისმყოფელთა მესიჯებით. ერთ-ერთი ასეთია, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი გი ვერჰოფშტადტისგან, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას „შეწყვიტოს არაადამიანური მოპყრობა“ და „ახლავე გაათავისუფლოს იგი!“ სააკაშვილმა ქაღალდის კუთხეში მიაწერა ინსტრუქცია პოსტის გაზიარების შესახებ.

საერთაშორისო შედეგები

ევროკომისია, სავარაუდოდ, ოქტომბერში გამოაქვეყნებს 2023 წლის გაფართოების პაკეტს, რომელიც შეაფასებს პროგრესს რეფორმების ძირითად სფეროებში და, შესაძლოა, კარი გაუხსნას საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის.
POLITICO-სთან გაზიარებულ განცხადებაში, საქართველოს მისიამ ევროკავშირში უარყო, რომ იმპულსი მის პოტენციურ გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეჩერებულია. ”საქართველომ დაიმსახურა, რომ იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, როგორც ტექნიკური მზადყოფნის თვალსაზრისით, რომ გადადგას ეს ნაბიჯი, ასევე გეოპოლიტიკური არჩევანის თვალსაზრისით, რომელიც მან გააკეთა ბოლო 25 წლის განმავლობაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მოპყრობის გამო მზარდი შეშფოთების გამო, ბრიუსელი სულ უფრო არასახარბიელოდ უყურებს საქართველოს ევროკავშირის იმედებს, ამბობს ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი გერმანელი მწვანეებიდან და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
„სააკაშვილი ნამდვილად არ იყო დემოკრატი, მაგრამ მან იცოდა, რისთვის იბრძოდა და იცოდა, რას ნიშნავდა მიმზიდველი ქვეყანა, ახალგაზრდების დაბრუნება, ხალხის სათანადო ანაზღაურება საჯარო სექტორში“, – თქვა მან. „ახლა შესამჩნევია რუსეთის გავლენა. თუ ის ციხეში მოკვდება, მესიჯი, რომელსაც ეს გაუგზავნის ევროკავშირს, იქნება აბსოლუტურად ნულის ტოლი“.
ისევ თავის ბინაში, გარშემორტყმული იმ კაცის პორტრეტებითა და საოჯახო ფოტოებით, რომელიც ოდესღაც ქვეყანას მართავდა, ალასანია ამბობს, რომ შეეგუა იმას, რაც შეიძლება მას [სააკაშვილს] დაემართოს.
”ჩემს შვილს არ ეშინია სიკვდილის”, – თქვა მან. „მას ეშინია, რომ შეიძლება საქართველო მოკვდეს.“

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერთან შეხვედრაზე – ტრანსკასპიური სატრანსპორტო საერთაშორისო მარშრუტი შთამბეჭდავი ტემპით ხორციელდება და რეგიონალური დაკავშირებადობის უნარს ძალიან ზრდის
შემდეგი სტატიასახდეპი: აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს