20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

Politico: ევროკომისია ისრაელის უკანონო დასახლებებიდან პროდუქციის იმპორტის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს განიხილავს

გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ევროკომისია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ისრაელის უკანონო დასახლებებიდან ევროკავშირში პროდუქციის იმპორტის შემცირების მიზნით მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს. ევროკომისიის დოკუმენტზე დაყრდნობით, გამოცემა აღნიშნავს, რომ კონტროლის გამკაცრება ევროკავშირში მოქმედი წესების დარღვევით შემავალი პროდუქციის ნაკადს ახალი სამართლებრივი მექანიზმების გარეშეც შეამცირებს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონტროლის გამკაცრებამ შესაძლოა, შეამციროს იმ პროდუქციის იმპორტი, რომელიც ევროკავშირში მოქმედი წესების დარღვევით ხვდება, ახალი სამართლებრივი მექანიზმების მიღების გარეშე.

„განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, იმპორტის ლიცენზირების სისტემის შემოღება, რომლის მიხედვითაც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ისრაელის უკანონო დასახლებებიდან ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო; იმ პროდუქციაზე დამატებითი ტარიფების დაწესება, რომელიც ამ დასახლებებშია წარმოებული, ან დასახლებებიდან იმპორტის სრული აკრძალვა“, – წერს „პოლიტიკო“

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აღნიშნული წინადადებები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მოთხოვნით მომზადდა. საკითხი გასულ თვეში ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც განიხილეს.

თუმცა, ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ინიციატივა გააკრიტიკა და მას სიმბოლური ნაბიჯი უწოდა.

„ამ ეტაპზე მხოლოდ სიმბოლური ზომების მიღება ძალიან ცოტაა და ძალიან დაგვიანებულია. თანაც, ისრაელში არჩევნების წინ ეს მხოლოდ იმ რიტორიკას აძლიერებს, რომლის გავრცელებასაც ისრაელის მკაცრი ხაზის მომხრე მინისტრები ცდილობენ“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი უკრაინას “მიგ-29” ტიპის გამანადგურებლებს დრონების სანაცვლოდ სთავაზობს
შემდეგი სტატიაქუთაისში ბებიასა და შვილიშვილს ავტომობილი დაეჯახა