შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, იოსებ სიგუა, რომელსაც ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის გამო ელექტრონული სამაჯური აქვს დაკისრებული, მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
სასამართლო სხდომაზე სიგუამ განაცხადა, რომ სოფია სიგუა-შატბერავას ბრალდებები გამოგონილია და მათ საფუძვლად ქონებრივი დავა უდევს. პოლიციელი ამტკიცებს, რომ ყოფილი მეუღლე მას გარიგებას სთავაზობდა, რათა მედიაში სიუჟეტის გასვლა თავიდან აეცილებინა, რაზეც მან უარი განაცხადა.
“ტელევიზიაში დამემუქრა, პროკურატურაში დამემუქრა და ამის მოწმეები არიან, მარტომე არ მირეკავდა, სხვებსაც ურეკავდა და უნდოდა ჩემთან შეხვედრა – არ შევხვდი. გამიგზავნა თავისი ადვოკატიც და შემომითვალა, გარიგებაზე წამოდიო, ავტოფარეხი დაიტოვეო. წადი, თქო ვუთხარი, ვერ მოვრიგდებით თქო, რა ავტოფარეხი დავიტოვო. სიუჟეტი ოღონდ მაინც გავაო, იმიტომ, რომ მომზადებული არის და ნათქვამიაო. სულ კარგად ბრძანდებოდეთ, მე ვუთხარი, სიუჟეტი თუ უნდა გავიდეს, თუ ასეთი რაღაც ჩირქი უნდა მომეცხოს, თუ კიდევ უნდა დავზიანდე, რატომ უნდა გადმოგიფორმო”, – თქვა სიგუამ ტვ პირველის ცნობით სასამართლო სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ სოფია სიგუა-შატბერავა „შაბათის ეთერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იოსებ სიგუას სისტემატურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ სკანდალური რეპორტაჟის გასვლის შემდეგ, შსს-მ იოსებ სიგუა დააწინაურა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა.















