პოლიციელზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს, 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. სასამართლომ დამნაშავედ ცნო შარაშიძესთან ერთად ბრალდებული კიდევ ორი პირი და მათაც თავისუფლების 1 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით 4 თებერვალს შეეცვალა. მას 30 000-ლარიანი საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული
შარაშიძე თანამდებობიდან 29 იანვარს მას შემდეგ მოხსნეს, რაც 28 იანვარს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს, 2 ადამიანზე კი ძებნა გამოაცხადეს. ადგილობრივი ჟურნალისტები მაშინ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ სუფრაზე, სადაც დაპირისპირება მოხდა, ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე, “ოცნების” დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ე.წ კანონიერი ქურდი, ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა და პოლიციელი გოგა ჯინჭარაძე იმყოფებოდნენ.
ჟურნალისტების ინფორმაციითვე, შარაშიძემ მის წინამორბედს, ირაკლი კუჭავას, პოლიციელის თანდასწრებით შეაგინა და ჩხუბიც ამას მოჰყვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქმის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი და მოქმედი მერის მოადგილის, ბიძინა ცინცაძის მამა გია ცინცაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი სახლიდან იარაღი ამოიღეს















