პოლიციელი, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, კადრების განკარგულებაში გადავიდა

ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის საქმეზე, მის მიერ დასახელებულ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელი პირადი პატაკის საფუძველზე, გამოძიების დასრულებამდე, კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.

საქმეს პროკურატურა იძიებს. უწყებაში განმარტავენ, რომ 19 დეკემბერს, ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდა პოლიციის თანამშრომელი.

აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე, საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სურათები საპატიო სტენდიდან ჩამოხსნეს
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში თოვლის საფარი ნახევ მეტრს აღწევს