პოლიციას 02:00 საათამდე არ დაუტოვებია პარლამენტის პერიმეტრი

პოლიციას 02:00 საათამდე არ დაუტოვებია პარლამენტის პერიმეტრი და როდესაც ვიღაც მას ადანაშაულებს იმაში, რომ მშვიდობიანი აქციის დარბევა დაიწყო, ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, სამართალდამცველებს საკანონმდებლო ორგანოსთან ერთი ნაბიჯი წინ არ გადაუდგამთ და არ გასულან პარლამენტის პერიმეტრის მიღმა.

შს მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ერთმნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რომ იზრუნოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, კონსტიტუციაზე და არ მისცეს ორგანიზებულ ფიზიკურად მოძალადე ჯგუფებს, ხელყონ ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტები, როგორიც არის პარლამენტი.

„არსებობს ლოგიკა, რომ ისინი ვერავის დაესხმებოდნენ თავს. ეს ხალხი აკეთებდა მხოლოდ ერთ რამეს, იცავდა პარლამენტის შენობას და მაქსიმალურად, როგორც ახერხებდა, იცავდნენ ერთმანეთს და საკუთარ თავს თავდასხმებისგან. რა თქმა უნდა, უკიდურესად მძიმეა იმის გააზრება, რომ ამ ღონისძიების დროს დაშავებული გვყავს უამრავი რიგითი მოქალაქე, ჩვენი მუდმივი ვალდებულება იქნება ამ ადამიანებზე ზრუნვა. არ ვსაუბრობ პირად და პერსონალურ ემოციებზე, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა, მაგრამ სახელმწიფოს ერთმნიშვნელოვანი ვალდებულებაა ასევე, რომ იზრუნოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, კონსტიტუციაზე და არ მისცეს ორგანიზებულ ფიზიკურად მოძალადე ჯგუფებს, ხელყონ ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტები, როგორიც არის პარლამენტი. ჩვენ თუ ამაზე არ შევთანხმდით, ჩვენი დემოკრატიული განვითარების შინაარსი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს არის პრობლემა და რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი მიზანია, ამ რთულ პროცესში გავითვალისწინოთ როგორც მოქალაქის, ასევე იმ ადამიანების ვალდებულება და ინტერესი, რომლებიც ამ მოქალაქის ინტერესიდან გამომდინარე იცავენ ინსტიტუტებს და მათ უსაფრთხოებას. რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოსაძიებელია, რადგან ქვეყნის ისტორიაში შემდგომ ასეთი აღარ განმეორდეს.

ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ მომავალშიც სახელმწიფო ინსტიტუტები სამწუხაროდ, შეიძლება დასაცავი გახდეს ან რაღაც სხვა მასობრივი ღონისძიება იყოს, სადაც შეიძლება, მსგავსი ექსცესები მოხდეს. ამიტომ ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ ჩვენს საერთაშორისო კოლეგებთან ერთად, რომელთა ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რა მოხდა, ამის გასაანალიზებლად და რა შეიძლება, რომ უკეთესი გავაკეთოთ. მაგალითად, ეს ყველაფერი უნდა იყოს ობიექტური. თქვენ მაგალითად რეზინის ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზოგი ეძახის დათვისას. ეს უბრალოდ ცინიკური ტყუილია, რომელიც ხვალ და ზეგ გამჟღავნდება. ყველაფერს გამოძიება გამოიძიებს და იტყვის, რას რა სახელი უნდა დაერქვას. თუმცა, ის რეგლამენტები, რომლებიც არსებობს ამ რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში, შეიძლება, რომ გადავხედოთ. რაღაც ნაწილში შეიძლება ამოვიღოთ რაღაც სახის ან შეიძლება, სხვანაირი პროტოკოლები გავაკეთოთ, რომელიც უფრო გაითვალისწინებს საერთაშორისო ნორმებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ დაარღვია დღევანდელი პროტოკოლი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს, კანონის შესაბამისად დაისჯება.

„აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის შემთხვევები, როდესაც ხდებოდა დამიზნებით ან ახლო მანძილიდან, არის გამოსაძიებელი და ამას არანაირი კავშირი არ აქვს პროცედურულ თემებთან, რომელიც იქნება გასაუმჯობესებელი. ეს სხვადასხვა რამეა. არსებობს დღევანდელი პროტოკოლი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს და თუ ეს ვინმემ დაარღვია, ეს კი ჩანს კამერებზე ან გვაქვს ამის დამადასტურებელი ფაქტები, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს დასჯილი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი ტყვია, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებით მსგავს ღონისძიებაში გამოყენების ნორმებს, რა თქმა უნდა, გამოყენებული არ ყოფილა, ვერ იქნებოდა. თუმცა, რამდენად შეესაბამებოდა მათი გამოყენება იმ პროტოკოლს, რომელიც აძლევს შესაბამის პირს მის გამოყენებას, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება კითხვის ნიშნები იყოს და ეს კონკრეტული შემთხვევები არის შესასწავლი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტთან აქცია 19:00 საათიდან 22:00 საათამდე აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო.

„საერთოდ არანაირი პრობლემა იქ არ არსებობდა, ვიდრე არ განხორციელდა პირდაპირი მოწოდებები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, რაც შემდეგ იყო განხორციელებული“, – განაცხადა შს მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითუ სისხლიანი ჯალათი გავხდი, ესეც ჩემი ტვირთია – ამ ფრაზით უპასუხა გიორგი გახარიამ თამარ ბაღაშვილის რჩევას, რომ გადამდგარიყო
შემდეგი სტატიაზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ცდილობს, პოლიციელებს ბულინგის სახით მოუწყოს სახალხო სასამართლო, რაც მიუღებელია