პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლსა და იმერეთში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. ამასთან, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

„შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივარ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი – 1971 წელს დაბადებული რ.ფ. და 1980 წელს დაბადებული კ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ჯგუფურად გასაღების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს შეიძინეს 9 პისტოლეტი, რომელთა ნაწილი ჯგუფურად, უკანონოდ გაასაღეს, ნაწილს კი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1994 წელს დაბადებული გ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ხაშურში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გადაჭრილი თოფი – ე.წ. აბრეზი და 8 ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ჯგუფურად გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს”,- აღნიშნავენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ძალები, სავარაუდოდ, 5 დღეში 5 კილომეტრით დაწინაურდნენ ლისიჩანსკის სამხრეთით – ბრიტანეთი
შემდეგი სტატიაის არ არის საქართველოს პრემიერ- მინისტრი, ის არის პირადად ივანიშვილის პრემიერი – მანჯგალაძე ღარიბაშვილზე