პოლიციამ ქვემო ქართლსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სომხეთის მოქალაქე – 1977 წელს დაბადებული მ.ა. ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის, უკანონო ტარებისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და სამი ვაზნა, საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „გეგუთის“ გავლით, სომხეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გადაზიდვისა და ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით კახეთშიც დაკავებულია ერთი პირი. თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ შალაურის ტერიტორიაზე, ე.გ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ სისტემის „აკა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

banner
წინა სტატიაშისირიიდან დაბრუნებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერის, გენადი გაგულიას დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
შემდეგი სტატიაფხენიანში სამხედრო აღლუმზე ბალისტიკური რაკეტები არ გამოიყვანეს