პოლიციამ მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

პოლიციამ თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული ქალი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყებაში განმარტავენ, რომ დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებენ შსს-ში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

banner
წინა სტატიაშიიძებნება! – ქალი, რომელმაც პეკინზე დანით 3 წლის ბავშვი დაჭრა
შემდეგი სტატიაპოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო