პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი, მათ შორის ნარკორეალიზატორი დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორებისა და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ბათუმში, ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი: 1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ჩ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ თ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავა.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს თ.ქ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ თ.ქ.-ის მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 115 აბი და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

რაც შეეხება კ.ჩ.-ს, პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 29 აბი და კ.ჩ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისა ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: ნიკა მელიას საქმე საბოლოო ჯამში პოლიტიკურად მოტივირებული იყო
შემდეგი სტატიანარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაციისთვის სასჯელი მკაცრდება