პოლიცია სექსმუშაკებზე ძალადობს და თანაშრომლობას აიძულებს – საია-ის კვლევა

სექსმუშაკები განიცდიან ძალადობის სხვადასხვა ფორმებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისგან და მათ რეპრესიული კანონმდებლობა არ იცავს – ამის შესახებ კვლევა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარა და რეკომენდაცია წარადგინა.

საია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანას ითხოვს.

 

სექსმუშაკების კლიენტები ხშირად ძალოვანი უწყების თანამშრომლები არიან, თუმცა, პოლიციელები სექსში ფულს არ იხდიან და მომსახურების სანაცვლოდ, ქალებს მუშაობის უფლებას აძლევენ. ქალები ამბობენ, რომ უარის შემთხვევაში, ძალოვნები მათ ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. სექსმუშაკი ქალები ყვებიან, რომ ხშირად პოლიციელები მათ ფულის სანაცვლოდ თანამშრომლობას სთავაზობენ. სექსმუშაკები ამტკიცებენ, რომ პოლიცია მათ ხშირად კონკრეტული პირების წინააღმდეგ მტკიცებულებების შესაგროვებლად იყენებს.

ძალოვანი უწყების თანამშრომლების გარდა, ქალებზე ხშირად მათივე კლიენტებიც ძალადობენ, სცემენ და ფულს ართმევენ, თუმცა, სექსმუშაკები ამბობენ, რომ პოლიცია უმოქმედოა და ამ დანაშაულებს არ იძიებს. მოძალადე სამართალდამცავების შესახებ ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია არა აქვს შს სამინისტროს. უწყებაში ამბობენ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა მოძველებულ ფაქტებს ეყრდნობა, სექსმუშაკებს კი მოუწოდებენ, რომ დარღვევის შესახებ დროულად განაცხადონ.

პარლამენტსა და შესაბამისს უწყებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რეკომენდაციები უკვე გაუგზავნა. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა ჯერ პარლამენტს არ დაუწყია.

 

აღნიშნული კვლევა, როგორც მოგეხსენებათ, ჩატარებულია 2016 წელს და იგი ასახავს იმ დროისათვის არსებულ მდგომარეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, კვლევის პრეზენტაციამდე, ჰქონდა შეხვედრა და კოორდინაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, კვლევის შედეგების განხილვის მიზნით. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი დაამონიტორინგებს ყველა იმ შეტყობინებასა და სისხლის სამართლის საქმეს, რომლებიც შეეხება სექს-მუშაკების მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ასევე, გენერალური ინსპექცია მოახდენს შესაბამის რეაგირებას, თუ დადგინდება პოლიციის მუშაკის მხრიდან ისეთი ქმედებების ჩადენის ფაქტი, რომელთა შესახებ მითითებულია საიას 2016 წლის კვლევაში. ასეთ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის მნიშვნელოვანია სექს-მუშაკებმა დროულად მოაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოს მოქალაქისა თუ პოლიციელის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.”

 

banner
წინა სტატიაშიდღეს პოლიციას არა კრიმინალების, არამედ საკუთარი ხელმძღვანელობის ეშინია – შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დუმილს არღვევს
შემდეგი სტატიალატვიაში არჩევნებზე პრორუსული პარტია “თანხმობა” ლიდერობს