პოლიცია დღეს სრულად აკონტროლებს იმას, რა ხდება ქვეყანაში, როგორც კრიმინოგენული მიმართულებით, ასევე, მართლწესრიგის მიმართულებით.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია პირველის პირდაპირ ეთერში დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრობს. მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პროგრესი, როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ასევე პოლიციის ხარისხის მიმართულებით, ყოველთვიურად გაუმჯობესდება.

„საქართველოს ბანკში მომხდარი შემთხვევა გახსნილი იყო მესამე დღეს. ყაჩაღობების ნაწილში, გვაქვს კლება, ერთმნიშვნელოვნად. ეს ციფრებია, შეიძლება ერთ კვირაში, ერთ თვეში რაღაცა ერთმანეთს დაედო, მაგრამ სტატისტიკურად რომ ნახოთ, წლიდან წლამდე, აქ არის კლება. გეუბნებით, რომ მატება მართლაც არის, ისეთ მგრძნობიარე თემაში, როგორიც არის ქურდობა. 1 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სტატისტიკასთან მიდგომის ცვლილება დაიწყო. რა თქმა უნდა ეს პროცესია და ჩვენ 1 დღეში 40 000 პოლიციელს ვერ გადავაკეთებდით. ამიტომ არის ეტაპობრივი ვარდნა და აგერ ხართ თქვენ და აგერ ვარ მე, აპრილის თვეში დამიძახეთ და მაშინ ვნახოთ როგორი იქნება პროცენტი. რაც ახლა ხდება სხვადასხვა მედიასაშუალებებით, ამას თავისი მიზანი აქვს. ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია დღეს სრულად აკონტროლებს იმას, რა ხდება ქვეყანაში, როგორც კრიმინოგენული მიმართულებით, ასევე, მართლწესრიგის მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ პროგრესი როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ასევე პოლიციის ხარისხის მიმართულებით, ყოველთვიურად გაუმჯობესდება და ამის ფაქტები არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც იანვრიდან სწორდება და აპრილის შემდგომ უკვე მნიშვნელოვნად გამოსწორდება. 2018 წლიდან, იქ სადაც მცირე ეჭვი მაინც არსებობს შემადგენლობაზე, ყველაფერი რეგისტრირდება. მაგალითად, როდესაც, სადღაც სოფელში, ზემო აჭარაში, სოფლის მცხოვრები აკეთებს განცხადებას, რომ მას სახლში, სადაც 1 თვე არ იყო, ადგილზე არ დახვდა რაღაც ნივთი და ამით მოდის პოლიციაში, ამაზე არ იწყება იქ რაღაც მოკვლევები, დადგენები, დაკითხვები, მაშინვე აღიძვრება საქმე. რატომ? იმიტომ, რომ სხვანაირად და სხვა სახის კომპრომისებით, შეუძლებელი იქნებოდა აღრიცხვიანობის სტანდარტის დაწესება. ვთვლით, რომ ეს არის სწორი და ასე უნდა გავაგრძელოთ და რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა იძახონ რომ კრიმინალი გაიზარდა და რაც არ უნდა გამოგვყვნენ იმ ნაწილში რაც ხდება, სწორედ იმ დანაშაულში, რომლის დამალვა ყოველთვის იყო რთული და შეუძლებელი, მძიმე დანაშაულზეა საუბარი, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას ისე როგორც ვაკეთებთ.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას არ აპირებს
შემდეგი სტატიამაჩალიკაშვილსა და სარალიძეს შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება