„აგრესორი სახელმწიფო დასავლეთის ქვეყნებსაც ემუქრება – რუსეთი მზადაა დიდი პოლიტიკური და სამხედრო რისკების წასასვლელად,“ – ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა „არხ 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოლ ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინა ფარია რუსული შემდგომი ექსპანსიის წინააღმდეგ, თუმცა პუტინი არ გაჩერდება, სანამ მას ვინმე არ შეაჩერებს. ახლა კი ამას აკეთებენ უკრაინელები, რაც ნიშნავს, რომ „მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაცაა. ამიტომ ჩვენ გამოვყავით 2 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება და მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს ასევე არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში. ასე რომ, არსებობს ყველა მიზეზი, რის გამოც ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის ინვესტიციები და ასევე გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.“
გარდა ამისა, მინისტრმა დასძინა, რომ ქვეყანა ატარებს მთელ რიგ ზომებს, რათა უზრუნველყოს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, რომელსაც შეუძლია მხარი დაუჭიროს უკრაინას და შვედეთს, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა, აქვს ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა.
„ჩვენ ვართ მსოფლიოში 10 მილიონიანი ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია აწარმოოს საბრძოლო თვითმფრინავები, წყალქვეშა ნავები, სახმელეთო საბრძოლო საარტილერიო სისტემები, როგორიცაა Archer და ქვეითი საბრძოლო მანქანები, როგორიცაა CV 90. ჩემთვის ძალიან სასარგებლოა, როდესაც ვგრძნობთ, რომ გვაქვს ასეთი შესაძლებლობები, რადგან ასე გაგვიადვილდება ლოჯისტიკის, მხარდაჭერისა და სწავლების ორგანიზება“, – აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.