ფოჯასა და ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტები აგრობიზნესის განვითარებისათვის

“სამი მიზეზის გამო მომწონს ეს კონფერენცია. პირველი – ამ კონფერენციის იდეა მოდიოდა ქართველი დოქტორანტისგან, რომელიც სწავლობს ფოჯას უნივერსიტეტში, მეორე – იმიტომ, რომ აქ განხილული საკითხები არის საკმაოდ საინტერესო. ეს ეხება მოკლე მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტს და საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აგროკულტურა დაფუძნებულია პატარა კომპანიებზე და მესამე – ჩვენ გვაქვს ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს უნდა გავუზიაროთ“, – ასე შეაფასა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ  ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია – “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“.

 

ჩვენთვის, ქართველებისათვის, ეს კონფერენცია ორმაგად სასიხარულო იყო, იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო კონფერენციის იდეის ავტორი და ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური და ფოჯას უნივერსიტეტების ქართველი დოქტორანტი, ნინო ადამაშვილი. ნინომ დაამუშავა კონფერენციის თემატიკა, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ ტექნიკურ მიმართულებებს, არამედ მენეჯმენტის, ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის, აგრარულ და ბიოსამედიცინო სფეროებს, და რაც მნიშვნელოვანია, ბიზნესსაქმიანობაში ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენების საკითხებს. ნინომ მიიწვია საქართველოში იტალიის ფოჯას უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრები, საკონფერენციო თემების ირგვლივ გააერთიანა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, სტუდენტები, პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები საქართველოდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან. კონფერენციის ფარგლებში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, გაიმართა სკაიპჩართვა. ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და და ფოჯას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა გაცვალეს აზრები თემაზე: ციფრული ტექნოლოგიების გავლენა სხვადასხვა ინდუსტრიაზე. ვორქშოფს უძღვებოდნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი სულაშვილი, პროფესორი ოთარ ბაღათურია, ფოჯას უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლა ფაჩილონგო და დოქტორანტი ფიორელა პია სალვატორე, ასევე, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სექტორის მაგისტრატურის სტუდენტები – მარიამ თხინვალელი და ნინო დემინაშვილი.

 

თემას, რომელიც ძალიან საინტერესოა საქართველოს აგრარული სექტორისთვის, მხარი დაუჭირა ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტებმა. სამდღიან კონფერენციას დაესწრო იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ანტონიო ენრიკო ბარტოლი.

 

„საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მსოფლიო ბაზარზე, სხვა პროდუქტებთან ერთად, გაიტანოს თხილი, რომელიც ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. ამიტომ, დღევანდელი კონფერენცია და ის შედეგები, რასაც ამ ორი ქვეყნის უნივერსიტეტების ერთობლივი საქმიანობით მივიღებთ, იქნება ამ ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი, – განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ, – ვიმედოვნებ, კონფერენცია იქნება ამ კუთხით წინ გადადგმული პირველი ნაბიჯი.

 

ნინო ადამამაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და „ფოჯას“ უნივერსიტეტის დოქტორანტი:

 

– კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო უნივერსიტეტების დამეგობრება, დამეგობრების მიზანი კი ის არის, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გააკეთოს ტექნოლოგიების ტრანსფერი ფოჯას უნივერსიტეტში, რომელიც საკმაოდ ძლიერია აგრარულ სფეროში. მათ აქვთ ზუსტი აგროკულტურა, რაც აგრარულ სფეროში ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს. რაც შეეხება თხილის ბიზნესს – ერთ-ერთი პროექტი, რომელიც    ფოჯას და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტებმა, ერთდროულად, ბრიუსელის, ესტონეთის და ისრაელის ჩართვით დაიწყო, საქართველოს პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაა, ევროპული უნივერსიტეტების განვითარების მაგალითზე. ფოჯა პულიას რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქია, რეგიონში კი მცირე კომპანიები მუშაობს. უნივერსიტეტს დიდი პროექტები აქვს გაკეთებული, რაც  მოკლე მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტს გულისხმობს. მოკლე მიწოდების ჯაჭვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მცირე კომპანიებმა ადგილზე აწარმოონ ზუსტად იმდენი პროდუქცია, რამდენზეც რეალური მოთხოვნა არსებობს. შესაბამისად, რაკი ფოჯას უნივერსიტეტს ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, ვფიქრობთ, რომ პროექტიც კარგი უნდა გამოვიდეს და შედეგიც შესაბამისი მივიღოთ.

 

– ანუ, მცირე მეწარმე დაამზადებს თხილს და ერთბაშად მოხდება მოსავლის აღება-რეალიზაცია?

– არა. დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს, რეგიონი უნდა დაიყოს მცირე ტერიტორიებად და შესაბამისი ჯიშები კლიმატური პირობების გათვალისწინებით უნდა დაირგოს. დაყოფა მაქსიმალურად მცირე ტერიტორიებად უნდა მოხდეს, რომ ტრანსპორტირება დიდ მანძილზე არ მოგვიხდეს. ამით ვამცირებთ ტრანსპორტირების პროცესში თხილის გაფუჭების ალბათობას და თავიდან ვიცილებთ დიდი მარაგის შექმნის აუცილებლობას, რასაც მოჰყვება ხოლმე თხილის გარკვეული ნაწილის გაფუჭება. ეს თავის დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ერთადერთი პრობლემა, რაც მოკლე მიწოდების ჯაჭვში ჩნდება, მცირე კომპანიების შენარჩუნებაა, რადგან ამ კატეგორიის მეწარმეებისთვის ძალიან რთულია სტანდატრების დაცვა.

 

– რა უნდა გაკეთდეს?

– უნდა დაწესდეს კონტროლი. ხარისხის ასამაღლებლად, ნერგების ფესვებთან სენსორების დაყენება უნდა მოხდეს. მართალია, მსგავსი ტექნოლოგიები არცთუ იაფი ჯდება, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისთვის სტრატეგიულ ერთ-ერთ კულტურას, ალბათ სახელმწიფომ სუბსიდირება გასწიოს. სენსორი მონტაჟდება ფესვთან ახლოს – ის ინფორმაციას გვაწვდის ნიადაგის ტენინანობაზე, სასუქის შემცველობაზე და ა.შ. როცა ფერმერი ფლობს მონაცემებს, უკვე შეუძლია განსაზღვროს, რა სჭირდება ნარგავებს და რა ოდენობით. სწორედ ამ მიმართულებით, ჩვენს ერთობლივ პროექტში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი როლი ენიჭება, რადგან საკმაოდ ძლიერები ვართ ტექნოლოგიების მხრივ. ტექნიკა გვიჭირს, თუმცა პროგრამული უზრუნველყოფაში წამყვანები ვართ.

იმისათვის, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს, საჭიროა რეკლამა. ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა ამ მიმართულებითაც იფიქრეს და სკაიპჩართვის მეშვეობით, იტალიელ თანატოლებს „ფოჯას“ უნივერსიტეტიდან გამოცდილება გაუზიარეს.

 

ნინო დემინაშვილი, სტუ-ის მაგისტრანტი: ჩემი თემაა მობილური მარკეტინგი, გაყიდვების დრაივერის მიმართულერბით. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიებს ერთ-ერთი წამყვანი როლი უკავია, მობილური მარკეტინგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის განვითარებისთვის. მობილური მარკეტინგით, პირველ რიგში, აკეთებ რეკლამას. კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებული სკაიპჩართვისას, მე განვიხილე მობილური მარკეტინგის როლი გაყიდვების მენეჯმენტში. თუ მცირე მეწარმეები საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ეცდებიან მობილური მარკეტინგისა და სოციალური სივრცის სწორად გამოყენებას – რაც გულისხმობს, რომ მათ მომხმარებელი არ უნდა მოატყუონ – თუ გულახდილად ისაუბრებენ მომხმარებელთან, მუდმივად განაახლებენ ინფორმაციას და  მომხმარებელთან მჭიდრო კონტაქტი ექნებათ, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას თავის ბიზნესში. პირველ რიგში, რეკლამა უნდა იყოს კრეატიული. დადგენილია – თუ თვალი სამი წამის მანძილზე უყურებს რეკლამის დასაწყისს, ასეთ შემთხვევაში ბოლომდე არ მოსწყდება მას. თუ მომხმარებლის თვალს მიიჩვევ, ის აუცილებლად უყურებს რეკლამას, რაც გაყიდვებზე აისახება. საკვანძო სიტყვები უნდა იყოს ძალიან მოკლე და ძირითადი აზრის მატარებელი. მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო: ქუჩაზე სამმა მეწარმემ გახსნა მაღაზია, სამივე ალკოჰოლურ სასმელს აწარმოებდა. ერთმა მაღაზიის სარეკლამო ბანერზე გააკეთა წარწერა – ყველაზე იაფად მსოფლიოში. მეორემ – ყველაზე იაფად ქალაქში, მესამემ – ყველაზე იაფად ამ ქუჩაზე. რა თქმა უნდა, მესამემ მოიგო – მარტივად.

მარიამ თხინვალელი – სტუ-ის მაგისტრანტი: ჩემი მოხსენების თემაა „სოციალური მედია-მარკეტინგი 21-ე საუკუნეში“. ეს არის სფერო, რომელიც ბიზნესში ერთ-ერთი წამყვანი სეგმენტია. განვიხილე, რა არის სოციალური მედია-მარკეტინგი. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომ ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთ მოთხოვნადი გახდეს, მეტი რეკლამაა. სამიზნე ჯგუფებს უნდა დავანახოთ, რისთვის სჭირდებათ კონკრეტული პროდუქტი. ეს კი სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. რატომღაც, საქართველოში ბიზნესმენები ვერ იმეტებენ თანხას საკუთარი რეკლამის შესაქმნელად და თუ დაუკვირდებით, ძირითადად, უცხოეთში დამზადებული რეკლამების კლიშე ან თარგმანი გვხვდება. თუ არ გაქვს წინასწარშემუშავებული გეგმა, რა უნდა აკეთო და როგორ, გამოდის წყალს ნაყავ. პირველ რიგში, საკუთარი პროდუქტი იმდენად ღრმად უნდა შეისწავლო, რომ შეძლო, მომხმარებელს კარგად გააცნო, ისე დაანახო, როგორც შენ ხედავ და თუ ამას ვერ მოახერხებ – სხვაც ვერ დაინახავს, შესაბამისად არც დააფასებს. სამწუხაროდ, საქართველოში გამდიდრება გვინდა არა დღეს და ხვალ, არამედ – გუშინ. ზოგადად, ხარისხი მასობრივი პრობლემაა და ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. ხშირად, დამწყები კომპანიები მაღალხარისხიან პროდუქციას გვთავაზობენ, „ზენიტში ასულები“ კი ნელ-ნელა აუარესებენ ხარისხს. პროდუქცია გარკვეული დროის მანძილზე ინერციით იყიდება, შემდეგ კი წაგებას გვიჩვენებს. ეს დადასტურებული ფაქტია და ეს უნდა ვიცოდეთ, როცა ბიზნესში ჩართვას ვაპირებთ.

ოთარ ზუმბურიძე – ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ხელმძღვანელი:

– იტალია წარმატებული ქვეყანაა სოფლის მეურნეობის ისეთ დარგში, როგორიცაა მცირე წარმოება. კონფერენციაზე იტალიის ელჩმა საქართველოში ბრძანა, რომ ის იქნება შუამავალი ჩვენსა და იტალიის მთავრობას შორის იმ მიზნით, რომ გამოცდილება, რომელიც აქვთ იტალიელ ფერმერებს, ქართველ მეცნიერებს გაგვიზიარონ. იტალიის სოფლის მეურნეობაში 2,2%-ია დაკავებული, შემოსავალი კი ძალიან დიდია. ეს ციფრი საქართველოში, ოფიციალურად,  8%-ია, რეალურად კი  გაცილებით მეტია. იმის გამო, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის ეფექტურობა დაბალია, ძალიან დაბალია შემოსავალიც. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ამუშაოთ სოფლის მეურნეობის მცირე საწარმოები უფრო ეფექტურად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარმოების მართვა. ახალი ტიპის მიწოდების მენეჯმენტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის პროდუქციის უფრო ეფექტურად მიწოდების საშუალებას იძლევა. გლეხს მოჰყავს მოსავალი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე რა უნდა გააკეთოს, არ იცის. დაფასოება, სათანადოდ შენახვა და მომხმარებლისთვის მიწოდება – ეს მთავარია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ვმართოთ ეს პროცედურები. იტალიაში უნივერსიტეტი და წარმოება მჭიდროდ თანამშრომლობს, ჩვენში კი დიდი პრობლემა,  „ჩავარდნა“ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უნივერსიტეტები და წარმოებები ერთმანეთს მოწყვეტილები არიან. მეწარმეებს არ ესმით, რომ უნივერსიტეტებთან ახლო კონტაქტია საჭირო. მათ უნდა მოგვმართონ, უნდა მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა დარგის და რამდენი სპეციალისტი სჭირდებათ, რომელი ახალი პროგრამების შეტანაა აუცილებელი სასწავლო პროცესში, უნდა გვითხრან, კონკრეტულად რა დარგის სპეციალისტის მომზადება სჭირდებათ, რომ უნივერსიტეტმა სასწავლო პროგრამები შეიმუშაოს. დასავლეთის უნივერსიტეტებს ყოველწლიურად მიმართავენ მეწარმეთა თუ ფირმების წარმომადგენლები  ახალგაზრდა სპეციალისტების მოსაძიებლად. მათ  მონაწილეობა აქვთ მიღებული სასწავლო პროგრამების დაგეგმვაში და უნივერსიტეტების მიერ მომზადებული კადრების შესახებ ინფორმაციასაც ფლობენ. აი, ასეთი ჯაჭვი უნდა აეწყოს საქართველოშიც და ამისთვის აუცილებელია ყველა მხარის ჩართულობა მთავრობების დონეზე. იტალია ამისთვის მხადაა.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

 

banner
წინა სტატიაში“28 ოქტომბერს უნდა დაიწყოს ახალი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში” – შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიაინციდენტი გორის მერიასთან – სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფსიქიატრიულში ექსპერტიზაზე დაიბარეს